გუშინ Apple-მა მცირე დროით დაიბრუნა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტული, თუმცა საბოლოოდ მას მაინც Microsoft-მა გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ორივე ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასები რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა, რასაც ხელი ხელოვნური ინტელექტისადმი (AI) ინტერესმა შეუწყო.
გუშინ Apple-ის აქციების ფასმა თითქმის 3%-ით მოიმატა და ბაზრის დახურვისთვის ახალ ისტორიულ მაქსიმუმს — $213.07-ს მიაღწია. ამას განაპირობებს ის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც Apple-ის მენეჯმენტმა მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე (WWDC) გამოავლინა. საბოლოოდ გუშინდელმა აღმასვლამ აიფონების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ $3.267 ტრილიონამდე გაზარდა.
ამავდროულად, Microsoft-ის აქციების ფასი გუშინ თითქმის 2%-ით გაუმჯობესდა რეკორდულ ნიშნულამდე — $441.06. შედეგად, სავაჭრო დღის ბოლოსთვის, ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3.278 ტრილიონს მიაღწია.
Apple-ისა და Microsoft-ის რბოლა
გუშინ Apple-მა მცირე ხნით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში, პირველ ადგილზე გადაინაცვლა მანამ, სანამ მოგვიანებით iPhone-ების მწარმოებელს კვლავ Microsoft გადაასწრებდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა Apple-ს ეს ტიტული პირველად მიმდინარე წლის იანვარში წაართვა Microsoft-ის AI ინვესტიციების მიმართ ბაზრის ინტერესისა და iPhone-ების გაყიდვების შეფერხების ფონზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამშაბათს Apple-ის აქციების ფასი თითქმის 7.4%-ით გაიზარდა, შესაბამისად მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ დღეს $215 მილიარდით მოიმატა. ეს იყო ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა Apple-ისთვის, ხოლო ზოგადად კომპანიების ისტორიაში — მესამე.
ერთადერთი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ერთ დღეში უფრო მეტად გაიზარდა ჩიპების მწარმოებელი გიგანტი — Nvidia იყო. კომპანიის ღირებულებამ ერთ დღეში $272 მილიარდით მოიმატა თებერვლის რეკორდული კვარტალური ანგარიშის შემდეგ, ხოლო მაისში, კვლავ ძლიერი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შედეგად, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში $221 მილიარდით გაუმჯობესდა.
რამ გამოიწვია Apple-ის აქციების ზრდა მიმდინარე კვირაში?
გუშინ Bank of America-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ AI გაუმჯობესებებმა, რომლებიც iPhone 15 Pro-ს, 15 Pro Max-სა და iPhone 16-ს შეეხება, შეიძლება, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მილიონობით ადამიანს ძველი iPhone-ების განახლებისკენ უბიძგოს, რაც ხელს შეუწყობს Apple-ის ზრდას.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.