გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Spotify Technologies-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი აუდიო სტრიმინგის პლატფორმის აქციების ფასმა 11%-ზე მეტით მოიმატა და ახალ 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 61%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური მაჩვენებლები
2024 წლის პირველ კვარტალში Spotify-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 615 მილიონს მიაღწია, რაც მცირედით ჩამორჩება როგორც მენეჯმენტის, ისე ანალიტიკოსების პროგნოზებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი წლიურად 19%-ით გაუმჯობესდა. უფრო მეტიც, კომპანიის პრემიუმ სერვისის გამომწერთა ბაზა 14%-ით — 239 მილიონამდე გაიზარდა.
გასულ კვარტალში Spotify-ის შემოსავალი წლიურად 20%-ით — დაახლოებით $3.9 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.86 მილიარდი). ინვესტორები ასევე წახალისებულნი არიან კომპანიის მთლიანი მოგების მარჟის გაუმჯობესებით — გასულ მეოთხედში ამ მაჩვენებელმა 28%-ს მიაღწია (წინა წლის იმავე კვარტალში — 25%).
Spotify-ის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.03 შეადგინა, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.67-ს.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
რაც შეეხება მომავალს, Spotify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში კომპანიას დაახლოებით ექვსი მილიონი პრემიუმ აბონენტი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს შემოსავლის ზრდას და მარჟის გაუმჯობესებას. მენეჯმენტი თვლის, რომ მიმდინარე მეოთხედში Spotify $250 მილიონის ოდენობით შემოსავლის გამომუშავებას შეძლებს, რაც კომპანიისთვის რეკორდული შედეგი იქნება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Spotify-ის აქციებს?
Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $303.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $271.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $330.00-ს, ხოლო მინიმალური — $195.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spotify-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.