გუშინ ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია იმის ფონზე, რომ უოლ სტრიტზე საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული გაურკვევლობა გაიფანტა — ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა (Fed) ეს მაჩვენებელი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა.
ხუთშაბათის სავაჭრო სესიაზე S&P 500 და Dow Jones Industrial Average (DJIA) ინდექსები, შესაბამისად, 1.7%-ით და 1.26%-ით გაიზარდა და ორივე მათგანმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. Nasdaq Composite-მა კი 2.51%-იანი აღმასვლა განიცადა და ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაიხურა ივლისის შემდეგ.
ძირითადი საფონდო ინდექსების ზრდას ხელი შეუწყო ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების აღმასვლამ, როგორებიც არიან, მაგალითად, Nvidia (NVDA) და Apple (AAPL). ამ კომპანიების აქციების ფასები, შესაბამისად, დაახლოებით 4%-ით და 3.7%-ით გაუმჯობესდა.
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე Fed-მა საპროცენტო განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით — 4.75%-5%-იან დიაპაზონამდე შეამცირა. ეს 2020 წლის მარტიდან განაკვეთების დაწევის პირველი შემთხვევა იყო. ეკონომისტები და ინვესტორები მოელოდნენ, რომ Fed ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა ბაზრის მონაწილეებს შორის მთავარი დებატების საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად დიდი იქნებოდა შემცირება — 25-პუნქტიანი, თუ 50-პუნქტიანი.
ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) წევრების გამოკითხვის თანახმად, რომელიც ასევე ოთხშაბათს გამოქვეყნდა, Fed-ის წარმომადგენლები საპროცენტო განაკვეთების დაწევას მომავალ თვეებშიც მოელიან — მომდევნო ორ შეხვედრაზე დამატებით 50 საბაზისო პუნქტით შემცირებას.
თუმცა ტრეიდერებს კიდევ უფრო მაღალი მოლოდინები აქვთ. მათი აზრით, არსებობს 50%-ზე მაღალი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთების სამიზნე დიაპაზონს წლის ბოლომდე კიდევ 75 საბაზისო პუნქტით — 4%-4.25%-მდე შეამცირებს. Fed-ს მიმდინარე წელს მხოლოდ ორი შეხვედრა დარჩა — ნოემბერში და დეკემბერში. შესაბამისად, ტრეიდერების ვარაუდი გულისხმობს საპროცენტო განაკვეთების კიდევ ერთ 50-პუნქტიან შემცირებას ერთ-ერთ შეხვედრაზე.
ინვესტორები არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებულნი, როგორ უნდა მიეღოთ Fed-ის გადაწყვეტილება. ძირითადი საფონდო ინდექსები გაიზარდა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის — ჯერომ პაუელის პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც FOMC-ის შეხვედრას მოჰყვა.
პაუელმა განაცხადა: „აშშ-ის ეკონომიკა კარგ ფორმაშია — ის მყარი ტემპით იზრდება, ხოლო ინფლაცია მცირდება. შრომის ბაზარი მტკიცედ გამოიყურება. და ჩვენ გვინდა, რომ მას ეს მდგომარეობა შევუნარჩუნოთ. სწორედ ამას ვაკეთებთ. საპროცენტო განაკვეთების 50-პროცენტიანი შემცირება არის ნაბიჯი იმაში დასარწმუნებლად, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების ტემპს არ ჩამოვრჩებით“.
გუშინ ასევე აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებელი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 219,000-მა ადამიანმა შეიტანა უმუშევრობის პირველადი განაცხადი 14 სექტემბერს დასრულებულ კვირაში. ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა კვირიდან და ასევე მოსალოდნელზე ნაკლებია.
უმუშევრობის ყოველკვირეული განაცხადები შეიძლება იყოს არასტაბილური და ისინი ზოგადად ნაკლებად მიუთითებს შრომის ბაზრის სიჯანსაღეზე, ვიდრე სხვა მონაცემები. მიუხედავად ამისა, მოხსენება არ იყო პერსპექტიული ნიშანი იმ ტრეიდერებისთვის, რომლებიც ფსონებს განაკვეთების უფრო აგრესიულ შემცირებაზე აკეთებდნენ.