მას შემდეგ, რაც Nike-მა მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე სუსტი გაყიდვები დააფიქსირა და ფისკალური 2025 წლისთვის ასევე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა, სპორტული ტანსაცმლის გიგანტი განსაკუთრებულად მოელის ოლიმპიადას, რომელიც მომავალ თვეში დაიწყება. ამ ღონისძიებამ შეიძლება ხელი შეუწყოს Nike-ის გაყიდვების გაუმჯობესებას.
Nike-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი წლიურად 10%-ით შემცირდება, რადგან კომპანია ახალ პროდუქტებზე ორიენტირებულ მოდელზე გადადის. გარდა ამისა, კლების მიზეზად კომპანიის წარმომადგენლებმა დაასახელეს სისუსტე დიდი ჩინეთის1 რეგიონში და ონლაინ გაყიდვებში.
Nike-მა კვარტალური შედეგები გასულ ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა. პარასკევს კი ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 20%-ით შემცირდა. იმავე დღეს ვარდნა განიცადეს სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სხვა კომპანიებმაც, როგორებიც არიან Skechers, Lululemon, Under Armour და Foot Locker.
ანალიტიკოსები Nike-ის აქციების სამიზნე ფასებს ამცირებენ
Nike-ის კვარტალური ანგარიშის შემდეგ Wedbush-ის, Jefferies-ის და Bank of America-ს ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასები შეამცირეს.
Wedbush-ის ანალიტიკოსებმა Nike-ის აქციების სამიზნე ფასი $115-დან $97-მდე შეამცირეს, Jefferies-ში — $100-დან $90-მდე, ხოლო Bank of America-ს ანალიტიკოსებმა — $113-დან $104-მდე.
Nike-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ ფისკალური 2025 წლის პირველი ნახევრის პერსპექტივა შეამცირა ნაწილობრივ ზოგიერთი „კლასიკური“ ფრენჩაიზის მარაგების კლების გეგმის გამო, როგორებიც არის Air Force 1 და Jordan, რადგან პროდუქციის ამ ხაზების ზრდა შენელდა.
Nike-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კომპანია წინ მიიწევს ახალი პროდუქტების ინოვაციებისკენ, რომლებითაც საცალო პარტნიორები აღფრთოვანებულნი არიან. თუმცა, Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, შეიძლება დრო დასჭირდეს იმას, რომ ამ ახალმა პროდუქტებმა Nike-ის მოგებაზე გავლენა იქონიოს.
აღსანიშნავია, რომ Wedbush-მა და Bank of America-მ Nike-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნეს, ხოლო Jefferies-მა — ნეიტრალური რეიტინგი.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Nike-ის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $12.6 მილიარდამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.89 მილიარდს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $12.83 მილიარდი შეადგინა.
სრული ფისკალური 2024 წლის გაყიდვებმა კი $51.36 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. ეს არის შემოსავლის წლიური ზრდის ყველაზე ნელი ტემპი, რომელიც კომპანიამ დააფიქსირა 2010 წლის შემდეგ, Covid-19 პანდემიის პერიოდის გამოკლებით.
Nike-ის წმინდა მოგებამ $1.5 მილიარდს, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.99-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.84). გასული წლის იმავე პერიოდში წმინდა მოგებამ $1.03 მილიარდი, ანუ თითო აქციაზე $0.66 შეადგინა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის IV კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2023 წლის IV კვ. |
შემოსავალი | $12.6 მილიარდი | $12.88 მილიარდი | $12.83 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.99 | $0.84 | $0.66 |
წმინდა მოგება | $1.5 მილიარდი | $1.27 მილიარდი | $1.03 მილიარდი |
ოლიმპიადა და კალათბურთი
Nike-ში მოუთმენლად მოელიან ზაფხულის ოლიმპიადას, რომელიც დაიწყება მომავალ თვეში და გაგრძელდება აგვისტომდე. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გეგმავს, ღონისძიების პერიოდში მეტი დახარჯოს მარკეტინგზე ბიზნესის გასაძლიერებლად.
Nike-ის ხელმძღვანელობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კალათბურთის სექტორის ზრდამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის გაყიდვების მთავარ წყაროს წარმოადგენდა, ხელი შეუწყო კლების ანაზღაურებას სხვა სფეროებში, როგორიცაა ცხოვრების წესი. Nike-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ კალათბურთის სექტორში გაყიდვებმა უნდა განაგრძოს აღმასვლა ქალთა კალათბურთის ახალი თაყვანისმცემლების რაოდენობის ზრდის წყალობით.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი Nike-ის აქციებს?
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $94.12-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $67.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ეს ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება ყველა იმ რეგიონის აღსანიშნად, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC), ისე ჩინეთის რესპუბლიკა (ROC).