Robinhood $1 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის

გუშინ „after-hours”1 ვაჭრობაში Robinhood-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ონლაინ საბროკერო ფირმამ $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა დააანონსა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია აქციებს, მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან დაწყებული, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გამოისყიდის.

2024 წლის დასაწყისიდან Robinhood-ის აქციების ფასი დაახლოებით 65%-ით არის გაუმჯობესებული.

„რადგან ჩვენი ბიზნესი და ფულადი ნაკადები ზრდას განაგრძობს, მოხარულები ვართ, დავაანონსოთ $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა აქციონერებისთვის ღირებულების დასაბრუნებლად“ — განაცხადა Robinhood-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჯეისონ უორნიკმა.

ბოლო კვარტლებში კომპანიის ძირითადმა სავაჭრო ბიზნესმა ისარგებლა ხელოვნური ინტელექტით (AI) განპირობებული ტექნოლოგიური აქციების ბუმით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) მიერ ამერიკულ ბირჟებზე ბიტკოინის სპოტ ETF-ებით ვაჭრობის დაშვებით და ახლახან GameStop-ისა და AMC Entertainment Holdings-ის მიმართ გაჩენილი ინტერესით.

კომპანია ასევე განაგრძობს ფინანსური პროდუქტების კომპლექტის დივერსიფიკაციას. 2022 წლის ბოლოს მან მომხმარებლებისთვის საპენსიო ანგარიშების შეთავაზება დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი, საბროკერო ფირმამ გამოუშვა თავისი Robinhood Gold საკრედიტო ბარათი და ამ წლის ბოლოს გეგმავს საფონდო ინდექსების ოფციონებისა და ფიუჩერსებით ვაჭრობის დანერგვას.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Robinhood-ის აქციებს?

Robinhood-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Robinhood-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Robinhood-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.