1980-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა პორტფელის მენეჯერი — პიტერ ლინჩი, ხდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორი და საკმაოდ გასაგები მიზეზის გამო. 1977 წლის მაისში იგი სათავეში ჩაუდგა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს — Fidelity Magellan, რომლის აქტივებიც იმ დროს $20 მილიონს შეადგენდა. 1977-დან 1990 წლამდე კი Fidelity იქცა მსოფლიოში უმსხვილეს ფონდად, რომლის ყოველწლიური საშუალო ანაზღაურება 29%-ს აღწევდა.
პიტერმა ამ ყველაფერს მიაღწია საბაზისო პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ის საზოგადოებას სიამოვნებით უზიარებს. დღეს კი სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ 3 რჩევას, რომელიც აქციების პიტერ ლინჩის მსგავსად შერჩევაში დაგეხმარებათ.
ჩადეთ ინვესტიცია მხოლოდ იმაში, რაშიც ერკვევით
ლინჩის თქმით, საუკეთესო კვლევის ინსტრუმენტებია ჩვენი თვალები, ყურები და საღი აზრი. პიტერი ამაყობს იმით, რომ მას ბევრი შესანიშნავი საინვესტიციო იდეა სასურსათო მაღაზიაში სეირნობისას ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ჩვეულებრივი საუბრისას გაუჩნდა.
ყველას შეგვიძლია გავაანალიზოთ ინფორმაცია, როდესაც ვუყურებთ ტელევიზორს, ვკითხულობთ სტატიებს ან ვუსმენთ რადიოს. ქუჩაში სეირნობისას ან შვებულების დროს მოგზაურობისასაც შეგვიძლია ახალი საინვესტიციო იდეები გამოვიკვლიოთ, ამიტომ გარემოს ყურადღებით უნდა დავაკვირდით.
ყოველთვის ჩაატარეთ კვლევა
დაკვირვება შესანიშნავია დასაწყისია, მაგრამ ყველა დიდ იდეას საზრიანი კვლევა უნდა მოჰყვეს. გულმოდგინედ ჩატარებული კვლევა წარმატების ქვაკუთხედია. ლინჩი ხაზს უსვამს რამდენიმე ფუნდამენტურ თვისებას, რომელსაც, მისი აზრით, აქცია უნდა აკმაყოფილებდეს:
გაყიდვების პროცენტული წილი. თუ კონკრეტულ კომპანიაში რაიმე პროდუქტი ან სერვისი მოგწონთ, დარწმუნდით, რომ ის გაყიდვების საკმარისად დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი. შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც კომპანიის გაყიდვების მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ვერ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას მის მოგებაზე.
PEG კოეფიციენტი. ლინჩმა გამოიგონა PEG კოეფიციენტი, რომელიც P/E-ს (ფასი/მოგება) EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) ზრდის ტემპთან შეფარდებით მიიღება. ეს კოეფიციენტი (ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების სტილში გავრცელებულ შეფასების სხვა მეთოდებთან ერთად) ინვესტორებს ეხმარება აქციის ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით განსაზღვრონ, არის თუ არა ის იაფი. უნდა მოიძიოთ კომპანიები, რომლებსაც ახასიათებს მოგების ძლიერი ზრდა და სამართლიანი საბაზრო შეფასება.
უპირატესობა მიანიჭეთ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნია ფულადი სახსრების ძლიერი პოზიციები, ვალისა და კაპიტალის საშუალოზე დაბალი შეფარდება. ძლიერი ფულადი ნაკადები და აქტივების გონივრული მენეჯმენტი უზრუნველყოფს კომპანიას არჩევანის შესაძლებლობით ყველა ტიპის საბაზრო გარემოში.
ჩადეთ ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში
პიტერ ლინჩმა ერთხელ თქვა, რომ 10-20 წლიან ვადაში აქციების წარმადობა შედარებით პროგნოზირებადია. რაც შეეხება 2-3 წლიანი პერიოდის პროგნოზს, ამისთვის შეგიძლიათ მონეტა ააგდოთ. შეიძლება გასაკვირი ჩანდეს უოლ სტრიტის ლეგენდისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ ამით ლინჩი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სჯერა მას თავისი ფილოსოფიის. ინვესტიციების ჩადებისას პიტერს არ უცდია ეკონომიკის მიმართულების პროგნოზირება ან ბაზარზე პოზიციების გახსნისა და დახურვისთვის საუკეთესო მომენტების ძებნა. მას მტკიცედ სჯერა, რომ მოკლევადიანი რყევების პროგნოზირება დროდ და ძალისხმევად არ ღირს. ლინჩის აზრით, თუ თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ძლიერია, დროთა განმავლობაში მისი აქციების ღირებულება გაიზრდება, ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა ფოკუსირდეთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.