გუშინ Nvidia-მ აქციონერთა ყოველწლიური კრება ჩაატარა, სადაც მათ კენჭი უყარეს სხვადასხვა საკითხს, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა ხაზი გაუსვა ჩიპების მწარმოებელი გიგანტის ახალ Blackwell პლატფორმას, ასევე კომპანიის შესაძლებლობებს, გაიზარდოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.
Nvidia-ს აქციონერებმა დაამტკიცეს აღმასრულებლის საკომპენსაციო პაკეტი და სხვა საკითხები
ფისკალური 2024 წლისთვის Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა მთლიანი კომპენსაციის სახით $34.2 მილიონი გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანაზღაურებას თითქმის 60%-ით აღემატება. ამასთან, ჯენსენმა ცოტა ხნის წინ გაყიდა Nvidia-ს 120,000 აქცია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც დაახლოებით $15.25 მილიონი შეადგინა.
აქციონერებმა ასევე მხარი დაუჭირეს 12 არსებული დირექტორის ხელახლა არჩევას Nvidia-ს საბჭოში და PwC-ის, როგორც კომპანიის დამოუკიდებელი რეგისტრირებული საჯარო აღრიცხვის ფირმის რატიფიცირებას 2025 ფისკალური წლისთვის. ეს კომპანია 2004 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს Nvidia-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს.
გარდა ამისა, აქციონერებმა დაამტკიცეს ინვესტორ ჯონ ჩევედენის მიერ წამოჭრილი საკონსულტაციო წინადადებაც, რომელიც საბჭოსგან ითხოვდა „კვალიფიცირებული უმრავლესობის“ ხმის მიცემის წესის შეცვლას „ჩვეულებრივი უმრავლესობის“ მეთოდით. ეს უკანასკნელი გულისხმობს კონკრეტული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აქციონერთა მინიმუმ 51%-ის თანხმობის აუცილებლობას. „კვალიფიცირებული უმრავლესობის“ წესის მიხედვით კი აქციონერთა უფრო დიდი ნაწილის თანხმობაა საჭირო.
შესაძლოა, Blackwell ყველაზე წარმატებული პროდუქტი იყოს
„Blackwell-ის არქიტექტურის პლატფორმა, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებული პროდუქტი იქნება ჩვენს ისტორიაში“ — განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა ღონისძიებაზე და დასძინა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე წარმატებული პროდუქტი ზოგადად კომპიუტერების ისტორიაშიც.
ანალიტიკოსებმა Nvidia-ს მომავალ Blackwell სისტემას, რომელიც კომპანიამ მარტში წარადგინა, უწოდეს „ყველაზე ამბიციური პროექტი სილიკონ ველიზე“.
ჰუანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Blackwell იქნება ათვისებული ყველა ძირითადი ქლაუდ სერვისის პროვაიდერის, სერვერის მწარმოებლისა და წამყვანი AI კომპანიის მიერ. მათ შორის არიან: Amazon, Alphabet-ის Google, Meta, Microsoft, ChatGPT მწარმოებელი OpenAI, Tesla და ილონ მასკის xAI.
Nvidia-ს როლი ხელოვნური ინტელექტის „შემდეგ ტალღაში“
აღმასრულებელმა დირექტორმა Nvidia-ს ინვესტორთა შეკრება გამოიყენა იმისთვის, რომ ხაზი გაესვა კომპანიის შესაძლებლობებისთვის, გაიზარდოს AI ბუმის ფონზე, მათ შორის რობოტიკისა და „სუვერენული AI-ის“ მიმართულებით.
Nvidia-ს განმარტებით, „სუვერენული AI“ გულისხმობს ერის შესაძლებლობებს, შექმნას ხელოვნური ინტელექტი საკუთარი ინფრასტრუქტურის, მონაცემების, სამუშაო ძალისა და ბიზნეს ქსელების გამოყენებით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $126.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $157.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,000.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.