გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Oracle-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა „after-hours”1 ვაჭრობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორც ჩანს, Oracle-ის აქციებზე პოზიტიურად ერთმა მნიშვნელოვანმა სიახლემ იმოქმედა — მენეჯმენტმა დააანონსა გარიგებები Microsoft-თან, OpenAI-სთან და Alphabet-ის Google Cloud-თან.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Oracle-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $14.29 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $14.6 მილიარდს.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ კი $3.14 მილიარდი, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.11 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.15). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $3.32 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე $1.19-ს მიაღწია.
მაჩვენებელი | 2024 წლის IV კვარტალი | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის IV კვარტალი |
შემოსავალი | $14.29 მლრდ. | $14.57 მლრდ. | $13.84 მლრდ. |
განზავებული EPS | $1.11 | $1.17 | $1.19 |
წმინდა მოგება | $3.14 მლრდ. | $3.31 მლრდ. | $3.32 მლრდ. |
მნიშვნელოვანი სიახლეები
Oracle-ის მენეჯმენტმა დააანონსა პარტნიორობა Microsoft-თან და ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-თან. ამ შეთანხმების მიზანია Microsoft-ის ქლაუდ პლატფორმის — Azure Al-ის გაფართოება Oracle Cloud Infrastructure-ში (OCI), რათა უზრუნველყოს დამატებითი შესაძლებლობები OpenAl-ისთვის.
„მოხარულები ვართ Microsoft-თან და Oracle-თან მუშაობით. OCI გააფართოებს Azure-ის პლატფორმას და OpenAI-ს საშუალებას მისცემს, მასშტაბირება განაგრძოს“ — განაცხადა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა.
„მესამე და მეოთხე კვარტლებში Oracle-მა გააფორმა გაყიდვების ყველაზე დიდი კონტრაქტები ჩვენს ისტორიაში, რაც გამოწვეულია AI დიდი ენობრივი მოდელების (LLM) Oracle Cloud-ის საშუალებით მომზადებით“ — თქვა Oracle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საფრა ქეთსმა და დასძინა, რომ, მისი მოლოდინით, „ყოველ მომდევნო კვარტალში, წინასთან შედარებით, უფრო მეტი ზრდა უნდა დაფიქსირდეს, რადგან OCI-ის სიმძლავრე მოთხოვნის დონესთან დაწევას იწყებს“.
„მხოლოდ მეოთხე კვარტალში Oracle-მა ხელი მოაწერა 30-ზე მეტ AI გაყიდვის კონტრაქტს. მათმა ღირებულებამ საერთო ჯამში $12.5 მილიარდს გადააჭარბა. მათ შორის ერთ-ერთი კონტრაქტი Open AI-სთან გაფორმდა Oracle Cloud-ში ChatGPT-ის მოსამზადებლად“ — განაცხადა საფრამ.
Oracle-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Google-თან ქლაუდ სისტემების ურთიერთდაკავშირების შესახებ და თავდაპირველად ააშენა 12 OCI მონაცემთა ცენტრი Google Cloud-ში. „ველით, რომ Oracle-ის მონაცემთა ბაზა Google Cloud-ში მიმდინარე წლის სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი“ — თქვეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Oracle-ის აქციებს?
Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $145.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $171.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Oracle-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.