ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი გიგანტი — Nvidia კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. გუშინ კი ანალიტიკოსებმა კომპანიასთან დაკავშირებული მოლოდინები გაზარდეს.
წლის დასაწყისიდან Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 95%-ით არის გაუმჯობესებული.
გაზრდილი პროგნოზები და სამიზნე ფასები
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ახლა პროგნოზირებენ, რომ Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი $24.74 მილიარდს მიაღწევს, ხოლო წმინდა მოგება — $12.91 მილიარდს, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $5.19 იქნება. სამივე მაჩვენებელი ოდნავ აღემატება გასული კვირის პროგნოზებს.
Nvidia-ს კვარტალური შედეგებისადმი უფრო მაღალმა მოლოდინმა ზოგიერთ ანალიტიკოსს აქციების სამიზნე ფასების გაზრდისკენაც უბიძგა. გუშინ Barclays-ის ანალიტიკოსებმა ეს მაჩვენებელი $850-დან $1,100-მდე გაზარდეს.
Stifel-ის ანალიტიკოსებმა კი ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების სამიზნე ფასი $910-დან $1,085-მდე აამაღლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ Nvidia ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის სივრცეში ტოპ საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს.
ინვესტორების მოლოდინები შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს
Bank of America-ს ანალიტიკოსებმა, ინვესტორებთან გასაუბრების საფუძველზე, განაცხადეს, რომ მათი მოლოდინები, როგორც ყოველთვის, უოლ სტრიტის პროგნოზებს აჭარბებს.
მათ განაცხადეს, რომ Nvidia-ს პერსპექტივებისადმი ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორების მოლოდინით, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი $26 მილიარდს მიაღწევს, ხოლო მიმდინარე მეოთხედში — $28 მილიარდს. მეორე კვარტლისთვის ანალიტიკოსების პროგნოზი კი $26.96 მილიარდს შეადგენს.
შესაძლოა, კვარტალურ შედეგებს აქციების ფასის მნიშვნელოვანი მოძრაობა მოჰყვეს
ინვესტორების მაღალი მოლოდინების გათვალისწინებით, ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ, შესაძლოა, ბაზრის განწყობაზე დადებითად ზემოქმედებისთვის პროგნოზების შესაბამისი შედეგების დაფიქსირება საკმარისი არ იყოს. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ Nvidia მოლოდინებს გაამართლებს, შეიძლება მისი აქციების ფასი მაინც შემცირდეს“ — წერენ Bank of America-ს ანალიტიკოსები.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Nvidia-ს აქციების ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე ნორმად იქცა. მაგალითად, თებერვალში, კვარტალური ანგარიშის წარდგენამდე კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, თუმცა მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე, ნიშნული 9%-ით გაუმჯობესდა. სწორედ წინა კვარტალური შედეგების წარდგენის შემდეგ გადააჭარბა Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $948.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,058-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $620.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.