გუშინ, ანალიტიკოსებისგან დადებითი შეფასებების მიღების შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 126%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორც ჩანს, ინვესტორებმა და ანალიტიკოსებმა კომპანიის Blackwell AI ჩიპის გამოშვების პოტენციური შეფერხების გავლენა ხელახლა შეაფასეს. სავარაუდოდ, Nvidia-ს აქციებზე პოზიტიურად იმოქმედა სიახლემაც იმის შესახებ, რომ ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა ხელი მოაწერა AI ტრენინგის შეთანხმებას კალიფორნიის შტატთან.
Nvidia და საჯარო სექტორი
Nvidia ამტკიცებს ქვეყნებისთვის AI სისტემების განვითარების მნიშვნელობას. კომპანიაში მოელიან, რომ საჯარო სექტორის დანახარჯები დრამატულად გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაქმნელად, რადგან ქვეყნები მიზნად ისახავენ ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების და ზოგადად სუვერენიტეტის გაძლიერებას. კალიფორნიის შტატთან ახალი პარტნიორობის შესახებ განცხადება მსგავს დინამიკას ასახავს და გასაკვირი არ იქნება, თუ კომპანია მსგავს შეთანხმებას სხვა სახელმწიფოებთანაც მიაღწევს.
ანალიტიკოსების დადებითი შეფასებები
გუშინ UBS-მა გამოაქვეყნა ანგარიში Nvidia-სთან დაკავშირებით — საინვესტიციო ბანკმა ჩიპების მწარმოებლის აქციების ყიდვის რეკომენდაცია და $150-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა.
Nvidia-ს აქციებზე, აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მღელვარებასთან ერთად, განსაკუთრებული ზეწოლა იქონია სპეციფიკურმა ნეგატიურმა სიახლემ; ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებულმა ამერიკულმა ბიზნეს პუბლიკაციამ, The Information-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადაიდოს.
თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, Nvidia-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Blackwell-ის წარმოება განრიგით, წლის მეორე ნახევარში დაიწყება და დასძინეს: „გარდა ამისა, ჩვენ ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“.
UBS-ის ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ამჟამად Nvidia-ს აქციები ბაზარზე დაუფასებელია. საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ თუ Blackwell-ის პირველი პროცესორების გამოშვება შეფერხდება, ისინი 2025 წლის იანვრის ბოლოს მაინც იქნება ხელმისაწვდომი და Nvidia-ს პროცესორებზე საერთო მოთხოვნა ძალიან ძლიერი დარჩება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ჩიპებიც მწარმოებლის შემოსავალი უახლოეს პიკს 2025 წელს მიაღწევს, UBS-ში თვლიან, რომ ზრდა 2026 წელსაც გაგრძელდება.
გარდა ამისა, გუშინ Bank of America-ს ანალიტიკოსებმა Nvidia ტოპ საინვესტიციო შესაძლებლობად დაასახელეს. მათ ხაზი გაუსვეს კომპანიის ექსპოზიციას მონაცემთა ცენტრების ბაზარზე და ქლაუდ გამოთვლითი გიგანტების მიერ AI ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდის პოტენციალს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $114.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $144.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.