გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა კომპანიის ზრდის ტემპი შენელდა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 161%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის მეორე კვარტალში Nvidia-ს შემოსავალმა წლიურად 122%-ით, ხოლო კვარტალურად 15%-ით მოიმატა და $30 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $28.68 მილიარდს, ისე მენეჯმენტის მოლოდინს — $28 მილიარდს.
Nvidia-ს კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) წლიურად 11%-ით — $0.68-მდე გაიზარდა, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.64-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა წლიურად 12%-ით მოიმატა და $0.67-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.61).
აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის სეგმენტის (მოიცავს AI-ისთვის გამოყენებულ ჩიპებს) შემოსავალი წლიურად 154%-ით, ხოლო კვარტალურად 16%-ით — $26.3 მილიარდამდე გაიზარდა. ეს ახალი რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც გამოწვეულია გამოთვლითი და ჰიპერმასშტაბიანი მონაცემთა ცენტრების ოპერატორების მიერ AI-ის გამოყენების ზრდით.
Nvidia-ს სხვა სეგმენტებმა კი ასეთი შედეგები დააფიქსირა:
- გეიმინგ სეგმენტის შემოსავალი წლიურად 16%-ით — $2.9 მილიარდამდე გაიზარდა.
- პროფესიონალური ვიზუალიზაციის სეგმენტის შემოსავალმა 20%-ით მოიმატა და $454 მილიონს მიაღწია
- ავტო სეგმენტის შემოსავალმა 37%-ით — $346 მილიონამდე მოიმატა.
- ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებელი სეგმენტის შემოსავალი 33%-ით — $88 მილიონამდე გაიზარდა.
Nvidia-ს მთლიანი მოგების მარჟა, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 70.1%-დან 75.1%-მდე გაიზარდა ძირითადად კომპანიის საფასო ძალაუფლების გამო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 78.4%-ს შეადგენდა.
შედარებისთვის, როგორი იყო ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგები?
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Nvidia-ს შემოსავალი წლიურად სამზე მეტჯერ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს — $26.04 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.74 მილიარდი). კომპანიის მონაცემთა ცენტრების გაყიდვები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ — $22.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა მოხსნა რეკორდი, რომელიც წინა კვარტალში დაფიქსირდა.
გასულ მეოთხედში Nvidia-ს წმინდა მოგებამ $14.88 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $5.98 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.19). ეს მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.04 მილიარდს და $0.82-ს შეადგენდა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2024 წლის I კვ. |
შემოსავალი | $26.04 მილიარდი | $24.74 მილიარდი | $7.19 მილიარდი |
განზავებული EPS | $5.98 | $5.19 | $0.82 |
წმინდა მოგება | $14.88 მილიარდი | $12.91 მილიარდი | $2.04 მილიარდი |
Blackwell
მიმდინარე თვის დასაწყისში, Nvidia-ს აქციებზე, აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მღელვარებასთან ერთად, განსაკუთრებული ზეწოლა იქონია სპეციფიკურმა ნეგატიურმა სიახლემ: ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებულმა ამერიკულმა ბიზნეს პუბლიკაციამ, The Information-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადადებულიყო. თუმცა შემდეგ Nvidia-ს მენეჯმენტმა ეს ინფორმაცია უარყო, გუშინ კი განაცხადა, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ Blackwell ჩიპის ზოგიერთი ნიმუშის მიწოდება უკვე დაიწყო. ტექნოლოგიურ გიგანტში მოელიან, რომ მეოთხე კვარტალში წარმოების ზრდასთან ერთად Blackwell-ის შემოსავალი რამდენიმე მილიარდს მიაღწევს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Nvidia-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 80%-ით გაიზრდება და $32.5 მილიარდს მიაღწევს. ეს არის შენელება იმ სამნიშნა პროცენტული ზრდისგან, რომელსაც Nvidia გასული 5 კვარტლის განმავლობაში აფიქსირებდა, თუმცა ინვესტორებმა დიდი ხანია იციან, რომ ამ მასშტაბის ზრდა განუსაზღვრელი ვადით ვერ გაგრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, გუშინდელი ვარდნა აჩვენებს, რომ ბაზარი შედეგებით იმედგაცრუებული დარჩა.
აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ $50 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დააანონსა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $126.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $150.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.