გუშინ [21 თებერვალი], ბაზრის დახურვის შემდეგ, Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო საათების შემდეგ კი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 239%-ით გაუმჯობესდა.
აქციების ფასის მატება დიდწილად განპირობებულია როგორც კვარტალური შედეგებით, ისე ძლიერი პროგნოზებით ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლისთვის.
Nvidia-ს საკვანძო კვარტალური მაჩვენებლები
მაჩვენებელი | ფისკალური 2023 წლის IV კვარტალი | ფისკალური 2024 წლის IV კვარტალი | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|
შემოსავალი | $6.05 მილიარდი | $22.10 მილიარდი | 265% |
*GAAP საოპერაციო შემოსავალი | $1.26 მილიარდი | $13.62 მილიარდი | 983% |
GAAP წმინდა მოგება | $1.41 მილიარდი | $12.29 მილიარდი | 769% |
კორექტირებული წმინდა მოგება | $2.17 მილიარდი | $12.84 მილიარდი | 491% |
GAAP მოგება თითო აქციაზე (EPS) | $0.57 | $4.93 | 765% |
კორექტირებული EPS | $0.88 | $5.16 | 486% |
წყარო: Nvidia
*GAAP — ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები.
ინვესტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კორექტირებულ მაჩვენებლებზე, რადგან ისინი ერთჯერად ხარჯებს გამორიცხავს.
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ გასულ კვარტალში Nvidia-ს შემოსავალი $20.62 მილიარდს მიაღწევდა, ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) — $4.63-ს. თავად კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზები კი ასეთი იყო: შემოსავალი — $20 მილიარდი; კორექტირებული EPS — $4.46.
პლატფორმების წარმადობა
პლატფორმა | ფისკალური 2024 წლის IV კვარტლის შემოსავალი | წლიური ცვლილება | კვარტალური ცვლილება |
---|---|---|---|
მონაცემთა ცენტრები | $18.4 მილიარდი | 409% | 27% |
ვიდეოთამაშები | $2.9 მილიარდი | 56% | უცვლელი |
პროფესიონალური ვიზუალიზაცია | $463 მილიონი | 105% | 11% |
ავტომობილების წარმოება | $281 მილიონი | (4%) | 8% |
ორიგინალური აღჭურვილობის წარმოება და სხვა | $90 მილიონი | 7% | 23% |
ჯამი | $22.1 მილიარდი | 265% | 22% |
წყარო: Nvidia
მონაცემთა ცენტრების სეგმენტის შემოსავალი, რომელმაც კიდევ ერთი კვარტალური რეკორდი დაამყარა, ზრდა განაგრძო. ასე რომ, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ბიზნესი სულ უფრო ვითარდება. ფისკალურ მეოთხე კვარტალში ეს სეგმენტი Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 83%-ს შეადგენდა.
სეგმენტის წარმადობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ „მეოთხე კვარტალში ჩინეთში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-ის მთავრობის ლიცენზირების მოთხოვნების გამო“, როგორც Nvidia-ს ფინანსურმა დირექტორმა — კოლეტ კრესმა განაცხადა. ისტორიულად ჩინეთზე კომპანიის მონაცემთა ცენტრების შემოსავლების დაახლოებით 20%-25% მოდიოდა 2023 წლის ოქტომბრისთვის, როდესაც ჩიპების ექსპორტზე მთავრობის შეზღუდვები გაფართოვდა.
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა:
„დაჩქარებულმა გამოთვლებმა და გენერაციულმა AI-მ გარდამტეხ წერტილს მიაღწია. მოთხოვნა იზრდება კომპანიებში, ინდუსტრიებსა და ქვეყნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს მონაცემთა ცენტრების პლატფორმას ამუშავებს მზარდი მრავალფეროვანი დრაივერები — მოთხოვნა მონაცემთა დამუშავებაზე, AI ტრენინგზე და AI გადაწყვეტებზე ქლაუდ სერვისების და გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPU) სპეციალიზებული დიდი პროვაიდერებისგან, ასევე საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფისგან და სამომხმარებლო ინტერნეტ კომპანიებისგან. ვერტიკალური ინდუსტრიები — ავტომობილების წარმოება, ფინანსური სერვისების და ჯანდაცვის ლიდერობით — ახლა მრავალმილიარდიან დონეზეა ასული“.
პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Nvidia-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში (სრულდება აპრილის ბოლოს) კომპანიის შემოსავალი წლიურად 234%-ით — $24 მილიარდამდე გაიზრდება. Nvidia-ში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS 396%-ით გაუმჯობესდება და $5.41-ს მიაღწევს.
უოლ სტრიტის პროგნოზები კი ასეთია: შემოსავალი $22.1 მილიარდი; კორექტირებული EPS — $4.99.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $675.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $807.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $575.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.