Netflix (NFLX) 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. ინვესტორები, სავარაუდოდ, დიდი ინტერესით დააკვირდებიან, შეძლებს თუ არა ვიდეო სტრიმინგის გიგანტი გამომწერების რაოდენობის გაზრდას სპორტული გასართობი შეთავაზებების გაფართოების ფონზე.
წლის დასაწყისიდან Netflix-ის აქციების ფასი დაახლოებით 40%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორი მოლოდინებია უოლ სტრიტზე?
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Netflix-ის 2024 წლის მეორე კვარტლის შემოსავალი $9.51 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიურად 16.1%-იან ზრდას გულისხმობს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ კომპანიის წმინდა მოგება $2.1 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $4.74-ს შეადგენს. ეს პროგნოზები ჩამორჩება წინა კვარტლის მაჩვენებლებს, თუმცა ბევრად აღემატება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლებმაც, შესაბამისად, $1.5 მილიარდი და $3.29 შეადგინა.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზი 2024 წლის II კვარტლისთვის | 2024 წლის I კვ. | 2023 წლის II კვ. |
შემოსავალი | $9.51 მილიარდი | $9.37 მილიარდი | $8.19 მილიარდი |
განზავებული EPS | $4.74 | $5.28 | $3.29 |
წმინდა მოგება | $2.1 მილიარდი | $2.3 მილიარდი | $1.5 მილიარდი |
საკვანძო მაჩვენებელი — გამომწერების რაოდენობის ზრდა
Netflix-ის ინვესტორებს აინტერესებთ, რამდენად შეძლებს კომპანია, გამომწერების რაოდენობის ზრდა განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში სტრიმინგ კომპანიის გამომწერების რიცხვმა წლიურად 16%-ით მოიმატა და 269.6 მილიონს მიაღწია.
Netflix-ის გამომწერების ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მომხმარებლებს შორის პაროლების გაზიარების პრაქტიკა აკრძალა. საინვესტიციო ბანკის — JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Netflix-ის გამომწერების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან კომპანია მომხმარებელთა ბაზას საერთაშორისო დონეზე აფართოებს და ამატებს ახალ კონტენტს, რათა გამომწერებს მეტი სპორტული გასართობი პროგრამა შესთავაზოს. ანალიტიკოსების ვარაუდით, Netflix-ს მეორე კვარტალში 5 მილიონი წმინდა ახალი გამომწერის დამატება შეუძლია.
სპორტული გასართობი კონტენტი
ბოლო თვეებში Netflix-ის მენეჯმენტმა დააანონსა არაერთი გარიგება, რომლის მიზანიც სპორტული შეთავაზებების გაფართოებაა. ამერიკული სტრიმინგ კომპანიისა და WWE-ს (World Wrestling Entertainment) მშობელი კომპანიის — TKO Group Holdings-ის წარმომადგენლებმა იანვარში განაცხადეს, რომ „RAW“, WWE-ს მოწინავე ყოველკვირეული შოუ, 2025 წელს Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი.
ოთხი თვის შემდეგ, აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგა დათანხმდა NFL თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას Netflix-ზე მომდევნო სამ შობის დღესასწაულზე.
შესაძლოა, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას Netflix-ის მენეჯმენტმა ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სპორტული კონტენტის მიმართულებით განვითარების შესახებ. JPMorgan-ის ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ Netflix თავის პორტფელს მეტ სპორტულ კონტენტს დაამატებს, რადგან კომპანია გამომწერების ბაზისა და რეკლამების გაყიდვების გაზრდაზე მუშაობს.
წინა კვარტალური ანგარიში
2024 წლის პირველ კვარტალში Netflix-ის შემოსავალმა $9.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე — $5.28-ს. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $9.27 მილიარდს და $4.51-ს შეადგენდა.
Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ფასიანი სერვისის გამომწერების რაოდენობა წლიურად 16%-ით — 269.6 მილიონამდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $648.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $668.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.