გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft (MSFT) Xbox-ის განყოფილებიდან 650 თანამშრომელს ათავისუფლებს. ეს სამუშაო ძალის შემცირების მესამე რაუნდია მას შემდეგ, რაც გასულ ოქტომბერში ტექნოლოგიურმა გიგანტმა Activision Blizzard-ის შესყიდვის $69-მილიარდიანი გარიგება დახურა.
Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Xbox-ის ხელმძღვანელმა — ფილ სპენსერმა განაცხადა, რომ დაზარალებული თანამშრომლები ძირითადად კორპორატიულ და დამხმარე ფუნქციებში არიან ჩართულნი და არა — ვიდეო თამაშების განვითარებაში. „ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არცერთი თამაში, მოწყობილობა ან გამოცდილება არ გაუქმდება და არც ერთი სტუდია არ დაიხურება“ — დასძინა სპენსერმა.
Microsoft-მა Activision Blizzard 2023 წელს შეიძინა. ეს უკანასკნელი უშვებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ თამაშებს, როგორებიც არის, მაგალითად, World of Warcraft და Call of Duty. ფილ სპენსერის თქმით, შესყიდვის გარიგების წარმატებით დახურვის შემდეგ, Microsoft-ის მენეჯმენტი ცდილობდა, ახალი გუნდის შემოერთებასთან დაკავშირებული შეფერხება მინიმალური ყოფილიყო და თანამშრომლებს საქმის საუკეთესოდ გაკეთების საშუალება მისცემოდათ. Xbox-ის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლების უახლესი რაუნდი ეხება Activision Blizzard-ის შესყიდვის შემდგომი გუნდის სტრუქტურის მოწესრიგებას და ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების გზაზე შენარჩუნებას.
Microsoft-ის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ვიდეო თამაშების დეველოპერებს პრობლემები აქვთ
Microsoft-მა წელს მნიშვნელოვნად შეამცირა სამუშაო ძალა Xbox-ის განყოფილებაში. იანვარში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გეიმინგ სექტორში 1,900 თანამშრომლის, ანუ განყოფილების დაახლოებით 9%-ის, გათავისუფლება იგეგმებოდა. მაისში, კომპანიამ დახურა Bethesda-ს მრავალი გეიმინგ სტუდია. ეს უკანასკნელი Microsoft-ის მფლობელობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან Bethesda-ს მშობელი კომპანია — ZeniMax 2021 წელს შეიძინა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ გარიგებაში $7.5 მილიარდი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში პრობლემები მხოლოდ Microsoft-ს არ აქვს. Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Take-Two Interactive Software-მა (TTWO) (კომპანია, რომელიც Grand Theft Auto-ს ფრენჩაიზის უკან დგას) მაისში ვიდეო თამაშების ორი სტუდია დახურა. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში Sony-ის (SONY) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეო თამაში Concord Playstation 5-ის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე ხელმისაწვდომი აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ თამაში ახლახან, 23 აგვისტოს, გამოვიდა, თუმცა მისი ხმარებიდან ამოღების გადაწყვეტილება არასასურველი შედეგების გამო იქნა მიღებული.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $427.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $502.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.