გუშინ Microsoft-ის (MSFT) მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ $60 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა და კვარტალური დივიდენდის 10%-იანი ზრდა დაამტკიცა.
ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Microsoft-ის კვარტალური დივიდენდი $0.75-დან $0.83-მდე მოიმატებს. გაზრდილ დივიდენდებს 12 დეკემბრიდან მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 21 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იქნებიან.
Microsoft-ში ასევე განაცხადეს, რომ აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება.
Microsoft-ის მმართველმა გუნდმა დივიდენდის გაზრდის და აქციების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური გიგანტი განიცდის ზეწოლას, წარმოაჩინოს თავისი AI დანახარჯების სარგებლიანობა ინვესტორებისთვის. ივლისში Microsoft-ის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ კომპანია აპირებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები გაზარდოს, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც, მენეჯმენტის თქმით, აღემატება Microsoft-ის ამჟამინდელ შესაძლებლობებს.
კიდევ ერთი სიახლე
Microsoft, მსოფლიოში მეორე ყველაზე ღირებული კომპანიაა — ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $3.2 ტრილიონს აჭარბებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ისარგებლა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზრის ბუმით. Microsoft დამკვიდრდა, როგორც ადრეული AI ლიდერი ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-სთან უწყვეტი პარტნიორობის წყალობით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა აჩვენა უნარი, განავითაროს თავისი ბიზნეს აპლიკაციები, როგორებიც არის Teams, Word და Outlook.
გუშინ, თავის „Wave 2“ ღონისძიებაზე, Microsoft-მა ასევე წარმოადგინა რამდენიმე ახალი AI ფუნქცია და Copilot AI ასისტენტის განახლებები. ზოგიერთი განახლება მოიცავს Copilot-ის ზოგად ხელმისაწვდომობას Excel-ში, OneDrive-ში და Outlook-ის ფუნქციას, რომელიც ელექტრონული წერილის შინაარსის შეჯამებაში გვეხმარება.
გუშინდელი მოვლენების შემდეგ, Jefferies-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი Microsoft-ს განიხილავენ, როგორც „AI-ის ტოპ ბენეფიციარს“. მათ ხაზი გაუსვეს ბაზრის მიერ Copilot-ის ძლიერი ათვისების ადრეულ ნიშნებს და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $431.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.