Meta Platforms 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები და ინვესტორები კი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან სოციალური მედიის გიგანტის სარეკლამო შემოსავლების ზრდას და განახლებებს კომპანიაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის გავლენის შესახებ.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Meta-ს კვარტალური შემოსავალი $36.27 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება გასული მეოთხედის შედეგს — $40.11 მილიარდს, მაგრამ აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $28.65 მილიარდს.
უოლ სტრიტზე ასევე მოელიან, რომ წმინდა მოგება $11.34 მილიარდს შეადგენს, რაც ასევე ჩამორჩება გასული კვარტლის მაჩვენებელს, მაგრამ წლიურად წარმოადგენს ზრდას $8.58 მილიარდიდან. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ Meta-ს განზავებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $4.34-ს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $3.33 შეადგინა.
ანალიტიკოსების პროგნოზები 2024 წლის I კვარტლისთვის | 2023 წლის IV კვარტალი | 2023 წლის I კვარტალი | |
შემოსავალი | $36.27 მილიარდი | $40.11 მილიარდი | $28.65 მილიარდი |
განზავებული EPS | $4.34 | $6.51 | $3.33 |
წმინდა მოგება | $11.34 მილიარდი | $16.82 მილიარდი | $8.58 მილიარდი |
საკვანძო მაჩვენებელი: სარეკლამო შემოსავლის ზრდა
CFRA-ს ანალიტიკოსების აზრით, Meta-ს პირველი კვარტლის ანგარიში გამოავლენს, რომ კომპანიის სარეკლამო შემოსავალი წლიურად 26%-ით გაუმჯობესდა, რაც, სავარაუდოდ, ზრდის პიკურ დონეზე მიუთითებს. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ციფრულ რეკლამირებაზე გაწეული ხარჯების ჯანსაღი დონე, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ჩინეთში რეკლამირების ბაზრის სიძლიერე შეიძლება სარეკლამო შემოსავლის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იყოს. თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზრდის ძლიერ ტემპს ნაწილობრივ გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ უფრო დაბალ შედეგს მიაწერენ.
Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა Meta Platforms-ის აქციების სამიზნე ფასი $520-დან $570-მდე გაზარდეს, კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალი ზრდის ტემპის, მონეტიზაციის გაუმჯობესების, ჩინეთში რეკლამის განმთავსებლების მოთხოვნის ცვლილების, AI ინიციატივების გავლენისა და 2024 წელს საოპერაციო მარჟის მოსალოდნელი გაფართოების მოტივით. ანალიტიკოსების აზრით, ციფრული სარეკლამო გარემო გაძლიერდება, რითაც ყველაზე მეტად Meta და Alphabet ისარგებლებენ.
Jefferies-ის კვლევის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, 2024 წელს Meta-მ სარეკლამო ინდუსტრიის 50% დაიპყროს, რაც კომპანიისთვის ისტორიულად უმაღლესი ნიშნული იქნება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის შედეგს — 33%-ს. Jefferies-ში მიიჩნევენ, რომ გენერაციული AI ინსტრუმენტები კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის სარეკლამო პროდუქტების კომპლექტს, რომელიც უკვე საუკეთესოა. ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ, შესაძლოა, 2024 წელს Meta-ს სარეკლამო ბიზნესმა, 2015 წლის შემდეგ პირველად, Amazon-ის იმავე მიმართულებას გადაასწროს.
AI განახლებები ყურადღების ცენტრში
კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნების პარალელურად, შესაძლოა, Meta-ს მენეჯმენტმა ინვესტორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო კომპანიამ AI-ის ინტეგრირება თავის რეიტინგისა და რეკომენდაციების სისტემებში.
აღსანიშნავია, რომ Meta-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა უახლესი მორგებული AI ჩიპი, Next Gen Meta Training and Inference Accelerator (MTIA), ამასთან გამოუშვა თავისი დიდი ენობრივი მოდელის (LLM) — Llama-ს უახლესი ვერსია და კომპანიის AI ასისტენტიც განაახლა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta-ს აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $482.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $547.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.