გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Meta Platforms-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი სოციალური მედიის გიგანტის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით არის გაუმჯობესებული.
ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია ტექნოლოგიური გიგანტის AI პერსპექტივებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Meta Platforms-ის შემოსავალი წლიურად 22%-ით — $39.07 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $38.26 მილიარდს. წმინდა მოგებამ წლიურად 73%-ით მოიმატა და $13.47 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $5.16 იყო. ეს მაჩვენებელიც აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $4.71-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | წლიური ცვლილება |
შემოსავალი | $39.07 მილიარდი | $38.37 მილიარდი | 22% |
განზავებული EPS | $5.16 | $4.71 | 73% |
წმინდა მოგება | $13.47 მილიარდი | $12.32 მილიარდი | 73% |
შესაძლოა, Meta AI „ყველაზე გამოყენებადი AI ასისტენტი“ გახდეს
Meta Platforms-ის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა AI-სთან დაკავშირებულ რამდენიმე განვითარებას, მათ შორის პროგრესს ბაზრის მიერ Meta AI-ის, კომპანიის AI ასისტენტის, ათვისების მიმართულებით. ის ინტეგრირებულია Facebook-ში, Instagram-სა და WhatsApp-ში.
მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta AI, რომელიც კონკურენციას უწევს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ (MSFT) OpenAI-ს და Alphabet-ის (GOOGL) Google-ის შეთავაზებებს, წლის ბოლომდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი AI ასისტენტი გახდება.
თუმცა აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ Meta AI-ის მონეტიზებას წლები დასჭირდება.
AI-ში ინვესტირება ახლა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჩამორჩენა
Meta-მ, თავის ბევრ კოლეგასთან ერთად, გაზარდა ხარჯები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის, რაც იწვევს ინვესტორების ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად ანაზღაურდება ეს ხარჯები.
ახლა სოციალური მედიის გიგანტში მოელიან, რომ სრული წლის კაპიტალური ხარჯები $37-$40 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება ძველ საპროგნოზო დიაპაზონს — $35-$40 მილიარდს. Meta-ს ფინანსურმა დირექტორმა — სუზან ლიმ ასევე განაცხადა, რომ 2025 წლისთვის კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.
მარკ ცუკერბერგმა კი ინვესტორებს განუცხადა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ამუშავების ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, ურჩევნია, გაზარდოს AI შესაძლებლობები ახლა, ვიდრე ძალიან გვიან.
ცუკერბერგი ღია წყაროს ხელოვნური ინტელექტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი
ღია წყაროს ხელოვნური ინტელექტის დიდი ხნის მხარდამჭერმა, მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ პოზიციას არ იცვლის. მან ღია კოდის სისტემებს უწოდა უკეთესი დეველოპერებისთვის, მეტასთვის და მსოფლიოსთვის.
მიუხედავად იმისა, რომ Meta პირდაპირ სარგებელს არ იღებს ღია კოდის ინსტრუმენტების პოპულარიზაციისგან, ასეთი მიდგომა შეიძლება კომპანიას დაეხმაროს უკეთესი კონკურენციის გაწევაში დახურული AI მოდელების შემქმნელებთან, როგორებიც არის OpenAI, Google და Anthropic.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მეტამ, წინა ღია გამოთვლითი პროექტების საშუალებით, მილიარდობით დოლარი დაზოგა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ Meta Platforms-მა წარადგინა Llama 3.1 — თავისი ყველაზე ეფექტიანი AI (ხელოვნური ინტელექტი) მოდელი, რომელიც ღია კოდის სისტემაზე მუშაობს. ცუკერბერგმა კი განაცხადა, რომ კომპანია უკვე მუშაობს Llama 4 მოდელზე.
რეკლამირების ბიზნესი
Meta-ს მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანიის AI ინვესტიციები სარგებელს მოუტანს რეკლამის განმთავსებლებს და მის რეკლამირების ბიზნესს, რომელიც შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილზეა პასუხისმგებელი.
Meta-ში განაცხადეს, რომ მეორე კვარტალში კომპანიის სარეკლამო შემოსავალი $38.33 მილიარდამდე გაიზარდა, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს აჭარბებს.
ცუკერბერგის თქმით, მომხმარებლების ჩართულობის გასაზრდელად კონტენტის რეკომენდაციების გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიის AI შეთავაზებები რეკლამებსაც უფრო ეფექტიანს ხდის.
მომავლის პროგნოზი
რაც შეეხება მომავალს, Meta Platforms-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $38-$41 მილიარდს მიაღწევს, რაც დაახლოებით შეესაბამება ანალიტიკოსების პროგნოზებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta-ს აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $463.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $549.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $630.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.