Meta Platforms-ის მენეჯმენტმა ელექტრონული კომერციის გიგანტთან — Amazon-თან დააანონსა პარტნიორობა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, Meta-ს Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე შეიძინონ გარკვეული საქონელი Amazon-ის აპლიკაციიდან.
რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის?
Amazon-თან კავშირი ნიშნავს, რომ Meta-ს მომხმარებლებს შეუძლიათ, ამაზონის რეკლამას დააკლიკონ და პირდაპირ მაღაზიის მსგავს გამოცდილებაში აღმოჩნდნენ, რათა შესყიდვები განახორციელონ თავიანთი Prime ანგარიშით იმ აპლიკაციის ფარგლებში, რომელსაც იყენებენ. Meta-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, თვალი ადევნონ ფასებს რეალურ დროში, Prime უფლებამოსილებას, მიწოდების დროს და ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
თუმცა Bank of America-ს წარმომადგენლებმა კვლევით ჩანაწერში განაცხადეს, რომ Amazon-ის კლიენტებზე გავლენა შეიძლება შეზღუდული იყოს ორივე კომპანიის მომხმარებელთა ბაზებს შორის „სავარაუდო გადაფარვის“ გამო.
რას ნიშნავს ეს აქციონერებისთვის?
Meta-სა და Amazon-ის გარიგების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პუნქტი მოიცავს რეკლამების უკეთ მიზნობრიობას და ოპტიმიზაციას, სწრაფ შეკვეთებს Prime ანგარიშით, რომლებიც Meta-ს აპლიკაციებთან იქნება დაკავშირებული.
Pinterest-ის მენეჯმენტმა დახურული შოპინგის გამოცდილებისთვის 8 თვის წინ მოაწერა ხელი მრავალწლიან ხელშეკრულებას Amazon-თან. გარიგებამ უკვე გამოიწვია Pinterest-ის შემოსავლისა და მოგების გაზრდა მესამე კვარტალში. Meta-ს მსგავსად, Pinterest-მაც ისარგებლა სარეკლამო ბაზრის აღმავლობით მას შემდეგ, რაც სოციალური მედიის ფირმები ბოლოდროინდელი მკაცრი მაკროეკონომიკური გარემოს წინაშე აღმოჩნდა.
BoFA-ს ანალიტიკოსები, ჯასტინ პოსტის ხელმძღვანელობით, ხედავენ Meta-ს მონეტიზაციის გაზრდილ პოტენციალს Amazon-ისგან რეკლამების მოცულობის გაზრდისა და Meta-ს პლატფორმაზე სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოების გამო. მათ ასევე აღნიშნეს ამ პარტნიორობიდან დადებითი გავლენა Amazon-ზე პროდუქტის შესახებ ცნობადობის გაზრდიდან გამომდინარე.
ანალიტიკოსების შეფასებები
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $329.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $384.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $425.00-ს, ხოლო მინიმალური — $332.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 37 ანალიტიკოსიდან 36-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $142.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს.