გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Lululemon Athletica-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, მთელი წლის პროგნოზები გაზარდა და აქციების გამოსყიდვა დააანონსა.
წლის დასაწყისიდან სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 39%-ით არის შემცირებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 28 აპრილს დასრულდა, Lululemon Athletica-ს შემოსავალი წლიურად 10%-ით — $2.21 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.19 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $2.54-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.38).
შემოსავლის ზრდა განაპირობა კომპანიის საერთაშორისო ბიზნესმა, რომელმაც წლიურად 35%-იანი აღმასვლა დააფიქსირა. ამან ხელი შეუწყო ამერიკის ბაზარზე დაფიქსირებული მხოლოდ 3%-იანი ზრდის დაბალანსებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $296.9 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Lululemon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $2.4-$2.42 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $2.92-$2.97-ს. ეს მაჩვენებლები ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $2.45 მილიარდს და $3.03-ს შეადგენს.
თუმცა კომპანიაში მოელიან, რომ მთელი ფისკალური წლის განმავლობაში Lululemon-ის EPS $14.27-$14.47-ს მიაღწევს, რაც აღემატება მენეჯმენტის წინა საპროგნოზო დიაპაზონს — $14-$14.20-ს.
დამატებით $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა
Lululemon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კალვინ მაკდონალდმა თქვა, რომ კომპანიის ამერიკულ ბიზნესში პროდუქციის შენახვის პრობლემები, ფერთან და ზომასთან დაკავშირებით, პირველ კვარტალში გაგრძელდა. თუმცა კალვინის თქმით, იგი მოელის, რომ Lululemon-ის მარაგების მდგომარეობა წლის ბოლო ნახევარში გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებით $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა დააანონსეს. ეს მიუთითებს მენეჯმენტის ნდობაზე კომპანიის სტრატეგიისა და წარმადობის მიმართ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Lululemon-ის აქციებს?
Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $324.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $434.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $240.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასის დაახლოებით 34%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა— გაყიდვის რეკომენდაცია.
Lululemon Athletica-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.