Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს მიაღწია და ძალიან ცოტა მიზეზი თუ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ეს მაჩვენებელი მომავალში არ გაიზრდება. გარდა იმისა, რომ Amazon ელექტრონული კომერციის გიგანტია, კომპანია ინვესტორებს ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და ქლაუდ გამოთვლებში ინვესტირების საშუალებასაც აძლევს.
$2-ტრილიონიანი ნიშნული უკვე გადალახულია და შემდეგი კითხვაა, რამდენად სწრაფად შეუძლია Amazon-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონამდე გაზარდოს. შესაძლებელია თუ არა კომპანიის აქციებმა ამ დონეს წლის ბოლომდე მიაღწიოს?
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ სამი საჯარო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია აჭარბებს $3 ტრილიონს. ესენია: Apple, Microsoft და Nvidia.
შეიძლება 2024 წლის მეორე ნახევარში Amazon-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდოს?
იმისთვის, რომ ამაზონმა $3-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწიოს, კომპანიის აქციების ფასი კიდევ 50%-ით უნდა გაიზარდოს. ზოგადად, ეს მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზარდი პოტენციალის აქციის ფასი წლის დასაწყისიდან უკვე დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული. თუმცა არსებობს პოტენციური კატალიზატორები, რომლებიც ამ შესაძლებლობას რეალურს ხდის.
Amazon-ს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და თუ კომპანია ამ მიმართულებით გარკვეული ყურადღების მოზიდვას შეძლებს, წლის მეორე ნახევარში 50%-იანი ზრდა არც ისე წარმოუდგენელი იქნება. აღსანიშნავია, რომ სწორედ AI ბუმმა მისცა Nvidia-ს აქციებს საშუალება, წლის დასაწყისიდან დაახლოებით 170%-ით გაზრდილიყო.
Amazon-მა $4 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა AI კომპანია Anthropic-ში, რაც ჩეთბოტებისადმი მის დიდ ინტერესზე მიუთითებს. Amazon-მა ასევე გამოუშვა AI ფუნქციები თავისი Alexa ასისტენტისთვის, რაც მომხმარებლების მიერ პრემიუმ ვერსიის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიისთვის მათი მონეტიზაციის საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მიმართულებაა Amazon Web Services სეგმენტი, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს AI-სთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდით იმ ბიზნესებისგან, რომლებიც ქლაუდ შესაძლებლობებს აფართოებენ. და ეს Amazon-ის მომავალი ზრდის დიდი ნაწილია; კომპანია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მონაცემთა ცენტრებზე $100 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა Amazon-ისთვის დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს და რაც უფრო სწრაფად შეძლებს კომპანია მათ კაპიტალიზაციას, მით უფრო ჩქარა გაიზრდება მისი აქციების ფასიც.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, მომდევნო წლებში ტექნოლოგიური გიგანტებმა AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტი დახარჯონ.
საჭიროა Amazon-ის ზრდის ტემპის გაუმჯობესება
ეჭვგარეშეა, რომ Amazon-ს ჯერ კიდევ გააჩნია ზრდის დიდი პოტენციალი. AI-ს შეუძლია გააძლიეროს მისი ბიზნესის ყველა სფერო, მათ შორის ელექტრონული კომერცია.
თუმცა $3-ტრილიონიანი ნიშნულის მისაღწევად, კომპანიას ზრდის ტემპის გაუმჯობესება დასჭირდება. 2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Amazon-ის გაყიდვები გაიზარდა 13%-ით — $143.3 მილიარდამდე გაიზარდა. ეს შესანიშნავია, მაგრამ არ არის ისეთი შედეგი, რომელსაც ბაზარი ძლიერი, მზარდი პოტენციალის კომპანიისგან მოელის. და ეს არ არის საკმარისი ინვესტორების იმაში დასარწმუნებლად, რომ Amazon AI-სთან დაკავშირებული მოთხოვნისგან დიდ სტიმულს იღებს.
სავარაუდოდ, ინვესტორები უკეთ გაეცნობიან კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას 26 ივლისს, რადგან მოსალოდნელია, რომ ამ დღეს ელექტრონული კომერციის გიგანტი უახლეს კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. თუ Amazon-ის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდება და ეს წლის დანარჩენი პერიოდისთვის მენეჯმენტის მიერ პროგნოზების გაუმჯობესებას გამოიწვევს, შესაძლოა მომდევნო კვირებში და თვეებში კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $194.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $221.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $246.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.