საფონდო ბირჟა თვეების განმავლობაში ვარდნის ფაზაში იყო – კორექცია bear market-ში გადაიზარდა და ამან ბევრი ინვესტორი შეაშინა.
ასეთ დროს რჩევა არის, რომ ბაზრის მდგომარეობის გამოსწორებას დაელოდოთ და ეს მართებულია, თუ პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე წელია დარჩენილი. თუმცა, თუ პენსიაზე გასვლა უკვე მოასწარით, ინვესტირებისთვის შეგიძლიათ ამ სტატიაში მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ.
პირველი რჩევა ეკუთვნის პიტერ ლინჩს, ლეგენდარულ ინვესტორს, რომელმაც Magellan-ის საზიარო სარგებლობის ფონდი ინდუსტრიის ტიტანად აქცია: „იყიდე ის, რაშიც ერკვევი.“
მეორე რჩევა ეკუთვნის Motley Fool-ის დამფუძნებლებს – ტომი და დევიდ გარდნერებს, რომლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ უნდა ვიყიდოთ და შევინარჩუნოთ დიდი კომპანიების აქციები.
მესამე რჩევა კი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზართან სინქრონიზება შეუძლებელია. საფონდო ბირჟა სწრაფად ეცემა და აღდგენა ხდება ყოველდღიური ტალღებით, რომლებსაც ყველაზე გონიერი ექსპერტიც კი ვერ იწინასწარმეტყველებს. მაგალითად, ბაზრის 20-წლიანი აქტივობის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროის განმავლობაში მიღებული ყველა მოგება, შეიძლება, მხოლოდ 35 საუკეთესო დღეს მიეწეროს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საუკეთესო დღეების გამოყენება.
დივიდენდური აქციები
თუ ცალკეულ აქციებში ინვესტირების სურვილი გაგაჩნიათ, შეგიძლიათ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT) აირჩიოთ. REIT-ები ვალდებულნი არიან თავიანთი დასაბეგრი შემოსავლის 90% აქციონერებს დივიდენდების სახით გაუნაწილონ. დაახლოებით 225 საჯარო REIT არსებობს და უმეტესობა ფოკუსირებულია კონკრეტულ ბიზნესზე, როგორიც არის საცალო ვაჭრობა, მრავალ ოჯახიანი საცხოვრებელი, სამრეწველო შენობები, მონაცემთა ცენტრები ან მობილური ანძები.
არსებობს მოსაზრება, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება, როგორც წესი, ინფლაციისგან თავის დასაცავად კარგი ვარიანტია და დივიდენდების გადამხდელ აქციებს დაღმავალ ბაზარზე უკეთ წარმადობის პოტენციალი გააჩნია. თუმცა, ახლა ასე არ ხდება. წლის დასაწყისიდან S&P 500 დაახლოებით 21%-ით არის შემცირებული, ხოლო S&P US REIT ინდექსი – დაახლოებით 23%-ით.
დივერსიფიკაცია
პენსიაზე გასვლის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დივერსიფიკაციის შენარჩუნებაა. ასეთ დროს რისკები განსაკუთრებით უნდა შეამციროთ და იქონიოთ ისეთი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც სათანადოდ არის დაბალანსებული. ერთი ძველი წესიც კი არსებობს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 100 წელს გამოაკელით საკუთარი ასაკი და მიღებული რიცხვი არის ის პროცენტი, რომელიც თქვენი დანაზოგიდან აქციებში უნდა გქონდეთ ინვესტირებული. მაგალითად, თუ 60 წლის ხართ, ეს ნიშნავს რომ აქციებში დაბანდებული უნდა გქონდეთ თქვენი დანაზოგის 40% (100-60).
გარდა ამისა, ახლა საფონდო ბირჟაზე არსებული დაბალი ფასები შეგიძლიათ მეტი პასიური შემოსავლის მისაღებად გამოიყენოთ. თუ აქციებს სწორად შეარჩევთ, შესაძლოა, საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დარჩეთ.