აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მილიარდერმა ინვესტორმა — ბილ აკმანმა მეორე კვარტალში Nike-ის (NKE) აქციები შეიძინა. სიახლემ სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასზე პოზიტიურად იმოქმედა — ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის ეს მაჩვენებელი დღიურად 3%-ზე მეტით არის გაზრდილი. წლის დასაწყისიდან კი Nike-ის აქციების ფასი დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული.
SEC-ში წარდგენილმა დოკუმენტაციამ გამოავლინა, რომ ბილ აკმანის Pershing Square Capital Management-მა ივნისის ბოლოს Nike-ის $3 მილიონზე მეტი აქცია შეიძინა. ტრანზაქციის ღირებულებამ დაახლოებით $230 მილიონი შეადგინა.
Nike-ზე ნეგატიურად იმოქმედა გაყიდვების კლებამ
Nike გაყიდვების შემცირების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ჩინეთში ეკონომიკის შენელებისა და მზარდი კონკურენციის გამო ისეთი კომპანიებისგან, როგორიც არის, მაგალითად, Hoka.
როგორც აღვნიშნეთ, Nike-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული, მაგრამ გუშინ ეს მაჩვენებელი 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Bernstein Research-ის ანალიტიკოსმა კომპანიის პერსპექტივების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება დაადასტურა. კვლევითი და საბროკერო ფირმის ანალიტიკოსმა — ანიშა შერმანმა Nike-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $112-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა.
გასულ თვეში CNBC-სთან ინტერვიუში შერმანმა განაცხადა, რომ Nike ინვესტიციებს დებს კვლევასა და განვითარებაში (R&D), ასევე ზოგიერთი ახალი პროდუქტის მარკეტინგზე დიდ ფულს ხარჯავს და საცალო ვაჭრობის კომპანიებთან პარტნიორობის აღდგენაზე მუშაობს — ეს ძალისხმევა კი ჯერჯერობით გაყიდვებზე არ ასახულა. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ Nike-ის ნაბიჯები მომავალში გამოიღებს შედეგს და კომპანიის გაყიდვებს გააუმჯობესებს.
ბოლო კვარტალური ანგარიში
Nike-მა ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის შედეგები 27 ივნისს გამოაქვეყნა. ამ პერიოდში სპორტული ტანსაცმლის კომპანიის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $12.6 მილიარდამდე შემცირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.89 მილიარდს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ შემოსავალმა $12.83 მილიარდი შეადგინა.
სრული ფისკალური 2024 წლის გაყიდვებმა კი $51.36 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. ეს არის შემოსავლის წლიური ზრდის ყველაზე ნელი ტემპი, რომელიც კომპანიამ დააფიქსირა 2010 წლის შემდეგ, Covid-19 პანდემიის პერიოდის გამოკლებით.
ჩინეთში, ტრაფიკის შემცირების მიუხედავად, გაყიდვებმა $1.86 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.79 მილიარდს.
გაყიდვებმა ჩრდილოეთ ამერიკაში, Nike-ის უმსხვილეს ბაზარზე, $5.28 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.45 მილიარდი).
ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Nike-მა $3.29 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.32 მილიარდს.
აზიის წყნარ ოკეანეში და ლათინოამერიკაში კი Nike-ის გაყიდვებმა $1.71 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების მოლოდინი — $1.77 მილიარდი).
Nike-ის წმინდა მოგებამ $1.5 მილიარდს, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.99-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.84). გასული წლის იმავე პერიოდში წმინდა მოგებამ $1.03 მილიარდი, ანუ თითო აქციაზე $0.66 შეადგინა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის IV კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2023 წლის IV კვ. |
შემოსავალი | $12.6 მილიარდი | $12.88 მილიარდი | $12.83 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.99 | $0.84 | $0.66 |
წმინდა მოგება | $1.5 მილიარდი | $1.27 მილიარდი | $1.03 მილიარდი |
Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ დონაჰოიმ განაცხადა, რომ კომპანია უმკლავდება უახლოეს გამოწვევებს და განაგრძობს პროგრესირებას იმ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია NIKE-ის მომავლისთვის: სპორტსმენებისთვის ინოვაციების შეთავაზება, მომხმარებლისთვის ფეხის აწყობა და მთლიანი ბაზრის წილის ზრდა.
შემდეგ კვარტალურ ანგარიშს კი Nike, სავარაუდოდ, 26 სექტემბერს წარადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nike-ის აქციებს?
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $82.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $67.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.