2024 წლის პირველ ნახევარში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია Nvidia იყო. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 150%-ით გაიზარდა.
Nvidia-მ ისარგებლა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმით. აღსანიშნავია, ბოლო ორი კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას, Nvidia-მ არა მხოლოდ გაამართლა უოლ სტრიტის მოლოდინები, არამედ მათ გადააჭარბა და რეკორდული შედეგები დააფიქსირა. გარდა ამისა, მენეჯმენტმა დააანონსა კომპანიის ახალი ჩიპების არქიტექტურა — Blackwell, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ივნისში Nvidia-მ აქციების 1/10 შეფარდებით დაყოფა განახორციელა.
Nvidia-ს მკვეთრი ზრდა
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის და 2025 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები მოკლედ ასე გამოიყურება:
მაჩვენებელი | ფისკალური 2023 წლის IV კვარტალი | ფისკალური 2024 წლის IV კვარტალი | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|
შემოსავალი | $6.05 მილიარდი | $22.10 მილიარდი | 265% |
*GAAP წმინდა მოგება | $1.41 მილიარდი | $12.29 მილიარდი | 769% |
GAAP მოგება თითო აქციაზე (EPS) | $0.57 | $4.93 | 765% |
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2024 წლის I კვ. |
შემოსავალი | $26.04 მილიარდი | $24.74 მილიარდი | $7.19 მილიარდი |
წმინდა მოგება | $14.88 მილიარდი | $12.91 მილიარდი | $2.04 მილიარდი |
განზავებული EPS | $5.98 | $5.19 | $0.82 |
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Nvidia-მ შეძლო, საოცრად გაეზარდა მონაცემთა ცენტრების სეგმენტიდან გამომუშავებული შემოსავალი მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მისი შედეგები ერთი წლით ადრეც შთამბეჭდავი იყო. ცხადია, ქლაუდ გამოთვლების კომპანიები დიდი მონდომებით ცდილობენ Nvidia-ს ჩიპების ყიდვას, რადგან მათ საუკეთესო დიდი ენობრივი მოდელების (LLM) შექმნა სურთ. ეს ტენდენცია კი ჩიპების მწარმოებელზე პოზიტიურად ზემოქმედებს.
გარდა ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისა, 2024 წლის პირველ ნახევარში (მარტში) Nvidia-მ თავის GTC დეველოპერთა კონფერენციას უმასპინძლა. სწორედ აქ წარადგინა კომპანიამ Blackwell-ის პლატფორმა — AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიის უახლესი ვერსია. Nvidia-ში განაცხადეს, რომ Blackwell GPU არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჩიპი, რომელსაც კომპიუტერული გამოთვლების ახალი ეპოქა დაეყრდნობა.
ახალი სისტემა უფრო ქმედუნარიანი და ეფექტიანია, ვიდრე მისი წინამორბედი — Hopper.
„რეალურად, Blackwell-ის მიერ ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება Hopper-ის შესაძლებლობებს“ — თქვა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა.
Nvidia-ს მენეჯმენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ, Hopper-თან შედარებით, Blackwell-ის არქიტექტურას შეუძლია, გენერაციული AI-ის დიდი ენობრივი მოდელი (LLM) დაახლოებით 25-ჯერ ნაკლები ხარჯითა და ენერგიით ამუშაოს.
ამასთან, Nvidia-მ ივნისში აქციონერთა ყოველწლიური კრება ჩაატარა. „Blackwell-ის არქიტექტურის პლატფორმა, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებული პროდუქტი იქნება ჩვენს ისტორიაში“ — განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა ღონისძიებაზე და დასძინა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე წარმატებული პროდუქტი ზოგადად კომპიუტერების ისტორიაშიც.
გარდა ამისა, ფისკალური 2025 წლის კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Nvidia-ს მენეჯმენტმა აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა დააანონსა. ამან ასევე ხელი შეუწყო ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასის ზრდას და 18 ივნისს, გარკვეული დროით, Nvidia მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $3.1 ტრილიონს შეადგენს და ამ მაჩვენებლით კომპანია მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $126.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $140.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.