გასულ თვეში Nvidia-ს აქციების ფასი კვლავ გაიზარდა, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) სივრცის ლიდერი განაგრძობდა სარგებლობას ინვესტორების აღფრთოვანებით AI ტექნოლოგიის მიმართ.
გარდა ამისა, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა Nvidia-ს ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციას და ამასთან, კომპანიას მოჰყვებოდა გარკვეული დადებითი იმპულსი თებერვალში გამოქვეყნებული ძლიერი კვარტალური ანგარიშიდან.
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, Nvidia-ს აქციებმა თვე 14%-იანი ზრდით დაასრულა. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ხედავთ, გასულ თვეში Nvidia-ს აქციებს რაიმე გამოკვეთილი ტენდენცია არ ახასიათებდა, თუმცა მან თავიდანვე შესანიშნავი სტარტი აიღო.
AI ბუმი გრძელდება
Nvidia ხელოვნური ინტელექტის ბუმის ლიდერი გახდა — კომპანიის GPU-ებსა (გრაფიკული დამუშავების ჩიპები) და სუპერჩიპებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ მისი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.
როგორც ჩანს, მარტის დასაწყისში Nvidia-ზე დადებითად იმოქმედა Super Micro Computer-ის აქციების ფასის ზრდამ, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი, რომელიც AI სერვერებშია სპეციალიზებული, S&P 500 ინდექსს შეუერთდა.
ხელოვნური ინტელექტის აქციებს ტანდემში მოძრაობის ტენდენცია ახასიათებს, რადგან ხშირად ერთი კომპანიისთვის დადებითი სიახლე, მეორისთვისაც სარგებლის მომტანია. გარდა ამისა, Nvidia და Super Micro Computer ახლო პარტნიორები არიან.
მოგვიანებით Nvidia-მ წარადგინა Blackwell-ის პლატფორმა — AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიის უახლესი ვერსია. კომპანიაში აცხადებენ, რომ Blackwell GPU არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჩიპი, რომელსაც დაეყრდნობა კომპიუტერული გამოთვლების ახალი ეპოქა.
ახალი სისტემა უფრო ქმედუნარიანი და ეფექტიანია, ვიდრე მისი წინამორბედი — Hopper.
„რეალურად, Blackwell-ის მიერ ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება Hopper-ის შესაძლებლობებს“ — თქვა ჯენსენ ჰუანგმა.
Nvidia-ს მენეჯმენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ, Hopper-თან შედარებით, Blackwell-ის არქიტექტურას შეუძლია, გენერაციული AI-ის დიდი ენობრივი მოდელი (LLM) დაახლოებით 25-ჯერ ნაკლები ხარჯითა და ენერგიით ამუშაოს.
Nvidia იტყობინება, რომ მრავალი წამყვანი AI კომპანია უკვე აპირებს გამოიყენოს Blackwell სისტემა. მათ შორის არიან: Amazon, Microsoft და Alphabet-ის Google.
ჩიპების მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Blackwell-ის პროდუქტები, კომპანიის პარტნიორების მეშვეობით, მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
Nvidia-ს მენეჯმენტმა ასევე გააკეთა რამდენიმე სხვა განცხადება ახალი პროდუქტებისა და პარტნიორობის შესახებ, რამაც ინვესტორებს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ კომპანია კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობის შესანარჩუნებლად. ანალიტიკოსები კონფერენციას დადებითი კომენტარებითა და სამიზნე ფასების ზრდით გამოეხმაურნენ.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
ეჭვგარეშეა, რომ Nvidia დომინირებს AI ბაზარზე, მაგრამ არის მრავალი კომპანია, რომელიც ცდილობს პირველობის მოპოვებას, მათ შორის მისი ზოგიერთი უდიდესი მომხმარებელი, როგორიც არის Microsoft, Alphabet და Meta Platforms.
თუ კომპანია შეინარჩუნებს აშკარა ლიდერობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, აქცია, სავარაუდოდ წინსვლას განაგრძობს, მაგრამ Nvidia-ს ინვესტორებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კონკურენციას.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $871.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $983.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $620.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.