Nvidia Corporation არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 1999 წელს პირველმა შექმნა გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU). ისტორიაში პირველი GPU ცნობილია სახელწოდებით — Geforce 256.
დღესდღეობით Nvidia აწარმოებს GPU-ებს თამაშებისთვის, კრიპტოვალუტის მაინინგისთვის და პროფესიონალური აპლიკაციებისთვის. კომპანია, სხვა პროდუქტებთან ერთად, ასევე ქმნის ჩიპების სისტემებს ავტოწარმოებაში და რობოტიკაში გამოსაყენებლად.
ფისკალურ 2022 წლამდე (დასრულდა 2022 წლის 30 იანვარს), ვიდეოთამაშები Nvidia-ს შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. იმ წელს სეგმენტმა კომპანიას $12.5 მილიარდის ოდენობით გაყიდვები მოუტანა, რაც Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 46%-ს შეადგენდა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა — თუ როგორ, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნახავთ.
Nvidia-ს ინდუსტრია
Nvidia არის წამყვანი კომპანია ნახევარგამტარების ინდუსტრიაში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ნაწილია.
კომპანიის მიზანია, ბაზრებს შესთავაზოს ტექნოლოგიური გადაწყვეტები სულ უფრო კომპლექსური გამოთვლითი გამოწვევების დასაძლევად. წლების განმავლობაში Nvidia-ს მთავარი აქცენტი ხელოვნური ინტელექტი (AI) იყო. ეს ტენდენცია გაძლიერდა ბოლო პერიოდში, რადგან AI განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა.
Nvidia-ს მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მისი პროდუქციის ბაზარი განიცდის ინტენსიურ ტექნოლოგიურ ცვლილებას, ამასთან იცვლება ინდუსტრიის სტანდარტებიც.
გარდა ამისა, Nvidia ოპერირებს უკიდურესად კონკურენტუნარიან ბაზარზე, სადაც წარმადობა, პროდუქტის შეთავაზება, მომხმარებლებზე, პარტნიორებსა და სადისტრიბუციო არხებზე წვდომა გადამწყვეტი ფაქტორებია. მათთან ერთად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა, ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისი API-ის (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) არსებობა, წარმოების უპირატესობები, პროცესორის ფასები და მთლიანი ხარჯები.
კონკურენტები
Nvidia-ს ჰყავს მრავალფეროვანი კონკურენტები ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთი მათგანი არის აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი და ლიცენზიარი, მაგალითად, Intel, Advanced Micro Devices (AMD) და Huawei.
Nvidia-ს ასევე კონკურენციას უწევენ ქლაუდ სერვისების კომპანიები, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით ფუნქციებს. ასეთი ფირმებია: Alibaba Group, Alphabet, Amazon და Microsoft.
Nvidia-ს ფინანსები
ამჟამად Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $2.2 ტრილიონს აჭარბებს.
მიმდინარე წლის თებერვალში ჩიპების მწარმოებელმა გამოაქვეყნა ფინანსური შედეგები ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლისთვის — ეს სამთვიანი პერიოდი 2024 წლის 28 იანვარს დასრულდა.
Nvidia-ს საკვანძო კვარტალური მაჩვენებლები
მაჩვენებელი | ფისკალური 2023 წლის IV კვარტალი | ფისკალური 2024 წლის IV კვარტალი | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|
შემოსავალი | $6.05 მილიარდი | $22.10 მილიარდი | 265% |
*GAAP საოპერაციო შემოსავალი | $1.26 მილიარდი | $13.62 მილიარდი | 983% |
GAAP წმინდა მოგება | $1.41 მილიარდი | $12.29 მილიარდი | 769% |
კორექტირებული წმინდა მოგება | $2.17 მილიარდი | $12.84 მილიარდი | 491% |
GAAP მოგება თითო აქციაზე (EPS) | $0.57 | $4.93 | 765% |
კორექტირებული EPS | $0.88 | $5.16 | 486% |
წყარო: Nvidia.
*GAAP — ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები
შემოსავალი პირველადი ბაზრებიდან
Nvidia ემსახურება ხუთ ძირითად ბაზარს — მონაცემთა ცენტრები, ვიდეოთამაშები, პროფესიონალური ვიზუალიზაცია, ავტოწარმოება, ორიგინალური აღჭურვილობის წარმოება (OEM) და სხვა.
ამ პლატფორმების მიხედვით, ბოლო კვარტალში Nvidia-ს შედეგები ასეთი იყო:
პლატფორმა | ფისკალური 2024 წლის IV კვარტლის შემოსავალი | წლიური ცვლილება | კვარტალური ცვლილება |
---|---|---|---|
მონაცემთა ცენტრები | $18.4 მილიარდი | 409% | 27% |
ვიდეოთამაშები | $2.9 მილიარდი | 56% | უცვლელი |
პროფესიონალური ვიზუალიზაცია | $463 მილიონი | 105% | 11% |
ავტომობილების წარმოება | $281 მილიონი | (4%) | 8% |
ორიგინალური აღჭურვილობის წარმოება და სხვა | $90 მილიონი | 7% | 23% |
ჯამი | $22.1 მილიარდი | 265% | 22% |
წყარო: Nvidia
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა:
„დაჩქარებულმა გამოთვლებმა და გენერაციულმა AI-მ გარდამტეხ წერტილს მიაღწია. მოთხოვნა იზრდება კომპანიებში, ინდუსტრიებსა და ქვეყნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს მონაცემთა ცენტრების პლატფორმას ამუშავებს მზარდი მრავალფეროვანი დრაივერები — მოთხოვნა მონაცემთა დამუშავებაზე, AI ტრენინგზე და AI გადაწყვეტებზე ქლაუდ სერვისების და გრაფიკული დამუშავების ერთეულებში (GPU) სპეციალიზებული დიდი პროვაიდერებისგან, ასევე საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფისგან და სამომხმარებლო ინტერნეტ კომპანიებისგან. ვერტიკალური ინდუსტრიები — ავტომობილების წარმოება, ფინანსური სერვისების და ჯანდაცვის ლიდერობით — ახლა მრავალმილიარდიან დონეზეა ასული“.
ისტორია და ხელმძღვანელობა
Nvidia Corporation 1993 წელს ჯენსენ ჰუანგის, კრის მალაჩოვსკის და კურტის პრიმის მიერ დაარსდა. მისი სათავო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიაში მდებარეობს.
ჰუანგი Nvidia-ში პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობებს იკავებს. სანამ კომპანიას მალაჩოვსკისთან და პრიმთან ერთად დააარსებდა, იგი LSI Logic-სა და Advanced Micro Devices-ში მუშაობდა.
თანადამფუძნებელი — კრის მალაჩოვსკი Nvidia-ს ტექნოლოგიური დირექტორია. სწორედ მან ითამაშა დიდი როლი კომპანიის საოცარ ზრდასა და განვითარებაში. კრისი მანამდე HP-სა და Sun Microsystems-ში მუშაობდა. ის არის ექსპერტი ინტეგრირებული მიკროსქემების დაპროექტებისა და მეთოდოლოგიის საკითხებში.
კურტის პრიმი კი 10 წლის განმავლობაში Nvidia-ს ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მან კომპანია 2000-იანი წლების დასაწყისში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად Nvidia-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 26,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.