როგორც უკვე ცნობილია, ილონ მასკს სურს, რომ Twitter შეისყიდოს, მაგრამ კომპანიის მენეჯმენტი ცდილობს მილიარდერი „შხამიანი აბით“ (poison pill) შეაფერხოს.
მაინც რას ნიშნავს შხამიანი აბი?
თითოეული შხამიანი აბის ინგრედიენტები განსხვავებულია, მაგრამ ყველა მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ კორპორაციულ საბჭოებს მისცეს შესაძლებლობა, დატვირთონ ბაზარი იმდენი ახლად შექმნილი აქციით, რომ კომპანიის შესყიდვა ძალიან ძვირი გახდეს. სტრატეგიის პოპულარიზაცია 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც საჯარო კომპანიებს „უთვალთვალებდნენ“ ისეთი კორპორაციული რეიდერები, როგორიც არის კარლ აიკანი, რომელიც ახლა უფრო ხშირად აღწერილია, როგორც აქტივისტი ინვესტორი (ინდივიდი ან ჯგუფი, რომელიც საჯარო კომპანიაში მნიშვნელოვან წილს ყიდულობს იმისთვის, რომ კომპანიის მართვაზე იმოქმედოს).
Twitter-მა თავისი შხამიანი აბების დეტალები პარასკევს არ გაამჟღავნა, მაგრამ მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დამატებით ინფორმაციას გამოავლენს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) დოკუმენტების უახლესი წარდგენისას, რომელიც კომპანიამ გადადო, რადგან საჯარო ბაზრები პარასკევს დაიხურა.
შეიძლება თუ არა შხამიანი აბი მოლაპარაკების თამაშის ნაწილი იყოს?
მიუხედავად იმისა, რომ შხამიანი აბი კომპანიას არასასურველი შესყიდვის თავიდან აცილებაში ეხმარება, ის ასევე ხშირად ხსნის კარს შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, რამაც, შესაძლოა, პრეტენდენტს შეთავაზების გაუმჯობესება აიძულოს.
Twitter-ის მენეჯმენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შხამიანი აბი კომპანიის საბჭოს მხარეებთან მოლაპარაკებებში ჩართვაში ან უფრო მაღალ ფასად შესყიდვის წინადადების მიღებაში ხელს არ შეუშლის.
შხამიანი აბის სტრატეგია ხშირად სასამართლო პროცესებს იწვევს იმის მტკიცებით, რომ კორპორაციული საბჭო და მენეჯმენტი ამ ტაქტიკას სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად იყენებს. ეს საჩივრები ზოგჯერ შეტანილია აქციონერების მიერ, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესყიდვის წინადადება სამართლიანია და შეთავაზება მათთვის მისაღებია ან პრეტენდენტის მიერ, რომელიც შესყიდვისთვის იბრძვის.
როგორ მიიღო მასკმა ეს ამბები?
ილონ მასკს, რომელსაც ტვიტერზე 82 მილიონი მიმდევარი ჰყავს, კომპანიის შხამიანი აბის შესახებ მყისიერი რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ მან გასულ ხუთშაბათს აღნიშნა, რომ სამართლებრივი ბრძოლისთვის მზად არის.
მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ თუ კომპანიის ამჟამინდელი საბჭო აქციონერთა ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს განახორციელებს, ისინი თავიანთ ფიდუციურ მოვალეობებს (ფიდუციური მოვალეობის მქონე პირი უნდა მოქმედებდეს იმ ადამიანის ინტერესების სასიკეთოდ, რომლის წინაშეც მას ვალდებულება გააჩნია) დაარღვევენ და ამ ნაბიჯით აღებული პასუხისმგებლობა ტიტანური იქნება.
შხამიანი აბის მაგალითი წარსულიდან
მას შემდეგ, რაც პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა – Oracle-მა 2003 წლის ივნისში, თავის პატარა კონკურენტს – PeopleSoft-ს $5.1 მილიარდის მოცულობის შეთავაზება გაუკეთა, ორმა კომპანიამ მომდევნო 18 თვე ერთმანეთთან ბრძოლაში გაატარა.
PeopleSoft-მა, საკუთარი პოზიციების დაცვის ნაწილად არა მხოლოდ შხამიანი აბი, არამედ „მომხმარებელთა დარწმუნების პროგრამაც“ გამოიყენა. PeopleSoft-ის მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაყიდვის შემთხვევაში, ეს გეგმა კლიენტებს მათი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების ღირებულებაზე ხუთჯერ მეტი თანხის გადახდას ჰპირდებოდა, რაც, შემძენი კომპანიისთვის, $800 მილიონამდე მოცულობის სავარაუდო ვალდებულებას შექმნიდა.
PeopleSoft-მა კიდევ ერთი დახმარება მაშინ მიიღო, როდესაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება Oracle-ის სასარგებლოდ მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Oracle-მა შეიძინა, PeopleSoft-ის თავდაცვის სტრატეგიამ თავისი აქციონერებისთვის შედეგი გამოიღო. საბოლოო შესყიდვის ფასი $11.1 მილიარდი იყო, რაც თავდაპირველ შეთავაზებას ორზე მეტჯერ აღემატებოდა.