Zoom Video Communications მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს სთავაზობს ინტელექტუალური კოლაბორაციის პლატფორმას სამუშაო ძალისხმევის გასამარტივებლად და „უსაზღვრო ადამიანური კავშირის“ მისიის შესასრულებლად. კომპანიის ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო გამოწერის სერვისია.
Zoom ადამიანებს ვიდეოს, ტელეფონის, ჩათისა და კონტენტის გაზიარების საშუალებით აკავშირებს. მის პლატფორმაზე წვდომის მოპოვება სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებით არის შესაძლებელი. პლატფორმაზე შეხვედრების ფორმატი 1,000-მდე მონაწილის მასპინძლობის საშუალებას იძლევა, ხოლო ვებინარის ფუნქცია — 50,000-მდე ადამიანს იტევს.
2024 წელს Zoom-მა გაზარდა ფოკუსი და ინვესტიციები AI-ზე. კომპანია რჩება ერთგული AI-ის პასუხისმგებლობით განვითარებისადმი და არასოდეს იყენებს აუდიოს, ვიდეოს, მიმოწერას, ეკრანის გაზიარებას ან მომხმარებელთან დაკავშირებულ რომელიმე ფუნქციას Zoom-ის ან მესამე მხარის AI მოდელების გასაწვრთნელად.
Zoom-ის ინდუსტრია
Zoom ოპერირებს პროგრამული უზრუნველყოფის-აპლიკაციების ინდუსტრიაში, ტექნოლოგიების სექტორში.
Zoom-ის სააბონენტო შემოსავალი დამოკიდებულია იმ მომხმარებელთა რაოდენობაზე, რომლებიც გამოიწერენ მის მრავალფეროვან სააბონენტო გეგმებს, ამასთან კომპანიის სხვადასხვა პროდუქტებს შეისყიდიან. Zoom-ის მომხმარებელი შეიძლება იყოს ერთი ინდივიდი, ორგანიზაცია ან ბიზნესი. კომპანიის პროდუქტებია: Zoom Phone, Zoom Spaces, Zoom Events, Zoom Contact Center და Zoom Revenue Accelerator.
კონკურენტები
ბაზარი, რომელზეც Zoom ოპერირებს, მოიცავს ვებზე დაფუძნებულ შეხვედრების სერვისის მიმწოდებლებს, როგორებიც არის Cisco Systems-ის WebEx და GoTo.
სხვა კონკურენცია მოიცავს პროდუქტიულობის გადაწყვეტების პროვაიდერებს ვიდეო ფუნქციონირებით, როგორებიც არის Alphabet-ის Google Workspace და Microsoft-ის Teams.
UcaaS (ერთიანი კომუნიკაციები, როგორც სერვისი) და გამოცდილი PBX პროვაიდერები, როგორებიც არის 8×8, Avaya და RingCentral ასევე კომპანიის კონკურენტები არიან.
Zoom ასევე კონკურენციას უწევს სამომხმარებლო პლატფორმებს, რომლებსაც ბაზარს Amazon, Apple და Facebook სთავაზობენ.
Zoom-ის ფინანსური მაჩვენებლები
ქვემოთ გავიხილავთ Zooms-ის ფინანსურ შედეგებს ფისკალური 2024 წლისთვის, რომელიც 31 იანვარს დასრულდა. გარდა ამისა, ორშაბათს, 20 მაისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, კომპანიამ ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
შემოსავალი
სრული ფისკალური 2024 წლისთვის Zoom-ის შემოსავალი 3%-ით — $4.52 მილიარდამდე გაიზარდა. ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა წლიურად 3.2%-ით მოიმატა და $1.14 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.13 მილიარდი).
საოპერაციო შემოსავალი
ფისკალურ 2024 წელს Zoom-ის საოპერაციო შემოსავალი 114%-ით — $525.27 მილიონამდე გაიზარდა. გასულ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა წლიურად ძალიან მკვეთრად — დაახლოებით 2,000%-ით მოიმატა და $203.02 მილიონს მიაღწია.
წმინდა მოგება
ფისკალური 2024 წლის განმავლობაში Zoom-ის წმინდა მოგებამ $637.46 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა $103.71 მილიონი შეადგინა. ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში კი წმინდა მოგებამ $216.30 მილიონს მიაღწია (გასული წლის იმავე მეოთხედში — მხოლოდ $15.44 მილიონი).
გასულ კვარტალში მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.35-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.19-ს.
შემოსავალი გეოგრაფიული რეგიონებიდან
Zoom მოქმედებს, როგორც ერთი ბიზნეს სეგმენტი, თუმცა კომპანია თავის შემოსავალს სამ ფართო გეოგრაფიულ რეგიონად ყოფს: ამერიკა (ორივე კონტინენტი), აზია-წყნარი ოკეანე (APAC) და ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (EMEA).
რეგიონისთვის შემოსავლის მიკუთვნება დამოკიდებულია მომხმარებლისთვის ანგარიშის გამოწერის მისამართზე.
შემოსავლების მიხედვით, ამერიკა Zoom-ის უდიდესი რეგიონია. მას მოჰყვება ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, შემდეგ კი აზია-წყნარი ოკეანე.
ამერიკა
ფისკალურ 2024 წელს ამ რეგიონმა Zoom-ს $3.22 მილიარდის ოდენობით შემოსავალი მოუტანა, რაც 5.7%-იან ზრდას წარმოადგენს. ამერიკაზე კომპანიის მთლიანი შემოსავლის 71.3%-მოდის.
აზია-წყნარი ოკეანე
გასულ ფისკალურ წელს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში Zoom-ის შემოსავალი 3.2%-ით — $571.59 მილიონამდე შემცირდა. ამ რეგიონზე კომპანიის მთლიანი შემოსავლის 12.6% მოდის.
ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა
ფისკალურ 2024 წელს ამ რეგიონმა Zoom-ს $726.71 მილიონის მოცულობის შემოსავალი მოუტანა, რაც 2.8%-იან კლებას წარმოადგენს. ამ რეგიონზე კომპანიის მთლიანი შემოსავლის 16.1% მოდის.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.