Walmart ოპერირებს საცალო მაღაზიების გლობალურ ქსელს, ასევე ელექტრონული კომერციის ბიზნესს. კომპანია ცნობილია თავისი „ყოველდღიური დაბალი ფასების“ სტრატეგიით მრავალფეროვანი საქონლის გაყიდვაში, რომელთა შორის არის საყოფაცხოვრებო საქონელი, ტანსაცმელი, ელექტრონიკა, საკვები და სხვა. Walmart ფუნქციონირებს 20 ქვეყანაში, დაახლოებით 10,500 მაღაზიის, კლუბებისა და ელექტრონული კომერციის ვებგვერდების საშუალებით. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც აშშ-ში ცხოვრობს.
Walmart-ის კონკურენტები მოიცავს როგორც ტრადიციულ საცალო მოვაჭრეებს (მაგალითად, Target), ისე ელექტრონული კომერციის ბიზნესებს, როგორიც არის Amazon.
Walmart-ის ფინანსური მაჩვენებლები
Walmart-მა ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიში რამდენიმე დღის წინ, 20 თებერვალს გამოაქვეყნა. გასულ მეოთხედში, რომელიც კომპანიისთვის 26 იანვარს დასრულდა, აშშ-ში Walmart-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 4%-ით გაიზარდა. შედეგად, კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 5.7%-ით — $173.4 მილიარდამდე მოიმატა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $158.4 მილიარდი). კონსოლიდირებული საოპერაციო შემოსავალი წლიურად 30.4%-ით — $8.1 მილიარდამდე გაიზარდა.
ელექტრონული კომერციის გაყიდვების კვლავ ძლიერი იყო — გლობალური მასშტაბით ეს მაჩვენებელი 23%-ით გაუმჯობესდა და $100 მილიარდს გადააჭარბა.
გარდა ამისა, კომპანიამ, თავის გლობალურ სარეკლამო ბიზნესში, 33%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამით Walmart-მა გამოიყენა შემოსავლის ახალი ნაკადი, რომელიც კონკურენტი Amazon-ისთვის უკვე გამოცდილი და საკმაოდ მომგებიანია.
მთლიანი მარჟა 39 საბაზისო პუნქტით გაუმჯობესდა, რამაც ხელი შეუწყო კორექტირებული საოპერაციო შემოსავლის 13.2%-ით — $7.25 მილიარდამდე მატებას. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.80-მდე გაიზარდა (გასული წლის იმავე კვარტალში — $1.71). ამ მაჩვენებელმაც ბევრად გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს — $1.53-ს.
გარდა ამისა, Walmart-ის მენეჯმენტმა დააანონსა დივიდენდური ანაზღაურების 9%-იანი გაუმჯობესება — თითო აქციაზე $0.83-მდე. ეს კომპანიისთვის დივიდენდების ჩვეულებრივზე მაღალი ზრდაა და მენეჯმენტის ბიზნესისადმი ნდობაზე მიგვანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 თვის მონაცემებით, Walmart-ის შემოსავალი $638.78 მილიარდს აღწევს და ამ შედეგით ის აშშ-ის საჯარო კომპანიებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
Walmart-ის ბიზნეს სეგმენტები
Walmart თავის ოპერაციებს სამ სეგმენტად ყოფს: Walmart U.S., Walmart International და Sam’s Club. მათგან პირველი ორი წარმოადგენს Walmart-ის ბრენდის მაღაზიებისა და პროდუქტების დაყოფას გეოგრაფიულ საფუძველზე, ხოლო მესამე, Sam’s Club, სასაწყობე მაღაზიაა.
ქვემოთ წარმოდგენილი სამი სეგმენტის გარდა, Walmart-მა ასევე გამოაქვეყნა კიდევ ერთი კატეგორიის —„წევრობისა და სხვა შემოსავალი“, რომელმაც გასულ კვარტალში $1.47 მილიარდს მიაღწია.
Walmart U.S.
Walmart U.S. კომპანიის ყველაზე დიდი სეგმენტია. ის აერთიანებს Walmart-ის მაღაზიებს აშშ-ში, მათ შორის ვაშინგტონსა და პუერტო რიკოში. ეს სეგმენტი მოიცავს როგორც “Walmart” და “Walmart Neighborhood Market” მაღაზიებს, ისე ელექტრონული კომერციის მრავალ ბრენდს.
გასულ კვარტალში Walmart U.S.-ის წმინდა გაყიდვები წლიურად 3.4%-ით — $117.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 68%-ს შეადგენს. ამ სეგმენტის საოპერაციო შემოსავალმა კი 12.9%-ით მოიმატა და $6.1 მილიარდს მიაღწია, რაც Walmart-ის მთლიანი საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 75.3%-ს უტოლდება.
Walmart International
Walmart International მოიცავს Walmart-ის ოპერაციებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ. ფირმა ფლობს შვილობილ კომპანიებს აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ ამერიკასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში. Walmart International მოიცავს სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებს, საწყობების კლუბებს და ელექტრონული კომერციის ვებგვერდებს.
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Walmart International-ის წმინდა გაყიდვები წლიურად 17.6%-ით — $32.4 მილიარდამდე გაუმჯობესდა, რაც მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 18.7%-ს შეადგენს. სეგმენტის საოპერაციო შემოსავალმა კი 397.6%-ით მოიმატა და $1.4 მილიარდს მიაღწია, ეს კი Walmart-ის მთლიანი საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 17.3%-ია.
Sam’s Club
Sam’s Club არის მხოლოდ კლუბის წევრებისთვის განკუთვნილი სასაწყობე მაღაზია, რომელიც აშშ-ის უმეტეს ნაწილში ოპერირებს. დანარჩენი ორი სეგმენტისგან განსხვავებით, მისი საოპერაციო შემოსავლის მთავარი წყარო საწევრო შენატანებია. Sam’s Club ასევე მოიცავს ელექტრონული კომერციის გაყიდვებს samsclub.com-ის საშუალებით.
გასულ კვარტალში Sam’s Club-ის წმინდა გაყიდვები წლიურად 2%-ით — $21.9 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 12.6%-ს შეადგენს. ამ სეგმენტის საოპერაციო შემოსავალმა კი 20.4%-ით მოიმატა და $0.6 მილიარდს მიაღწია, რაც Walmart-ის მთლიანი საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 7.4%-ს უტოლდება.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.