ინფორმაციული მიკერძოება თავს იჩენს მაშინ, როდესაც ინდივიდის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ან მონაცემები არასწორად არის გაზომილი ან ჩაწერილი ისე, რომ ის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას ზუსტად აღარ ასახავს. მიკერძოების ეს ტიპი შეიძლება გამოიწვიოს მონაცემთა შეგროვებისას ან ინფორმაციის დამუშავებისას დაშვებულმა უბრალო შეცდომამ, მიზანმიმართულმა დამახინჯებამ ან ინფორმაციის გაფილტვრის ქვეცნობიერმა ტენდენციამ. ამ უკანასკნელის მიზანი კი საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება ან უკვე არსებულ შეხედულებებთან შესაბამისობაა.
ინფორმაციულმა მიკერძოებულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ინვესტორის გადაწყვეტილებაზე, რაც ინდივიდს საბოლოოდ არახელსაყრელ შედეგამდე მიიყვანს. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან დადასტურების მიკერძოების1 და უახლესი ინფორმაციის მიკერძოების2 მიმართ.
სოციალური მედიის ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სახის ინფორმაციას ვიღებთ და როგორ შეუძლია მას საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება ან ხელის შეშლა.
ინფორმაციული მიკერძოება და ინვესტირება
ინფორმაციულმა მიკერძოებამ შეიძლება ინვესტორები მიიყვანოს არასწორ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც გაუმართავ მონაცემებს ეფუძნება. სოციალური მედიის ხელმისაწვდომობამ დიდი მოცულობის ინფორმაციაზე წვდომა ძალიან გააადვილა და ამ მოცემულობაში საინფორმაციო მიკერძოება განსაკუთრებით კრიტიკულ ხასიათს იძენს.
ინფორმაციულმა მიკერძოებამ შეიძლება ინვესტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ნეგატიურად იმოქმედოს; მაგალითად, შეიძლება ინვესტორმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს ერთ კონკრეტულ სიახლეს და კომპანიის წარმადობის უფრო ფართო კონტექსტი ან მთლიანად ბაზრის მდგომარეობა ნაკლებად საგულისხმოდ მიიჩნიოს. ასევე ინვესტორს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მის შეხედულებებს კომპანიის ან ბაზრის შესახებ და გამორიცხავს საწინააღმდეგო მოსაზრებებს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ინფორმაციული მიკერძოება ინვესტირებაში
შეზღუდეთ ფინანსური სიახლეებისა და სოციალური მედიის ზემოქმედება: მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულობა აუცილებელია, ფინანსურ სიახლეებსა და სოციალური მედიის პოსტებზე ბრმად, საკუთარი საფუძვლიანი კვლევის ჩატარების გარეშე, დაყრდნობამ შეიძლება ინფორმაციული მიკერძოების რისკი გაზარდოს. სწორად და ობიექტურად შეარჩიეთ წყაროები, რომლებისგანაც ინფორმაციას იღებთ, ამასთან გამოყავით კონკრეტული დრო სიახლეების მონიტორინგისთვის.
საინფორმაციო წყაროების დივერსიფიკაცია: ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღება დაგეხმარებათ, შეამსუბუქოთ ნებისმიერი ინფორმაციის გავლენა თქვენს საერთო საინვესტიციო სტრატეგიაზე და ბალანსი შეინარჩუნოთ.
გადაწყვეტილებები ობიექტურ ანალიზზე დააფუძნეთ: ფოკუსირდით კომპანიის ძირითად ფინანსურ სიჯანსაღეზე, ბიზნეს პერსპექტივებზე და არა ბაზრის მოკლევადიან რყევებზე ან სიახლეებზე. გადაწყვეტილებების მიღებისას თქვენი გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნები გაითვალისწინეთ და მოერიდეთ ემოციებს, როგორებიც არის შიში ან სიხარბე.
მოიძიეთ რჩევები პროფესიონალებისგან: გაიარეთ კონსულტაცია ფინანსურ მრჩეველთან ან საინვესტიციო პროფესიონალთან, რომელიც დაგეხმარებათ, კარგად ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღოთ.
[1] როდესაც ვეძებთ და პრიორიტეტს ვანიჭებთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს წინასწარ ჩამოყალიბებულ ცნებებს შეესაბამება.
[2] როდესაც ახალ, უფრო თვალსაჩინო ინფორმაციას საჭიროზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება