Apple არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აპროექტებს, აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, პერსონალურ კომპიუტერებს, ტაბლეტებს, სახლის და სატარებელ მოწყობილობებს, აქსესუარებს. მისი ძირითადი პროდუქტებია iPhone, Mac — პერსონალური კომპიუტერების ხაზი, iPad, Apple Watch და Apple TV. კომპანიას ასევე აქვს სწრაფად მზარდი სერვისების ბიზნესი, რომელიც მოიცავს მის iCloud ღრუბლოვან სერვისს და ციფრული კონტენტის სტრიმინგ სერვისებს, როგორებიც არის Apple Music და Apple TV+, რომლებიც, შესაბამისად, 2015 და 2019 წლებში ამოქმედდა.
Apple-ს მრავალი კონკურენტი ჰყავს, მათ შორის არიან სმარტფონის მწარმოებლები: Samsung Electronics და LG Electronics; კომპიუტერების მწარმოებლები: Lenovo Group და Dell Technologies; კონტენტის სტრიმინგის პროვაიდერები: Spotify Technology და Netflix; ამასთან, სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიც არიან Microsoft, Alphabet და Amazon.
Apple-ის ფინანსები
ბოლო კვარტალური ანგარიში Apple-მა 1 თებერვალს გამოაქვეყნა. ფისკალური 2024 წლის პირველ მეოთხედში, რომელიც 2023 წლის 30 დეკემბერს დასრულდა, ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალმა $119.58 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $118.06), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $2.18-ს (პროგნოზი — $2.1).
გასულ კვარტალში Apple-ის პროდუქტების სეგმენტის გაყიდვებმა $96.458 მილიარდს მიაღწია, ხოლო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა — $23.117 მილიარდს. წინა წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $96.388 მილიარდი და $20.766 მილიარდი შეადგინა.
Apple თავის ბიზნესს შემდეგ გეოგრაფიულ სეგმენტებად ყოფს: ამერიკა, ევროპა, დიდი ჩინეთი1, იაპონია და აზიის წყნარი ოკეანის დანარჩენი ნაწილი. მათ მიხედვით კი გასული კვარტლის შემოსავალი ასე იყოფა:
ამერიკა — $50.430 მლრდ.
ევროპა — $30.397 მლრდ.
დიდი ჩინეთი — $20.819 მლრდ.
იაპონია — $7.767 მლრდ.
აზიის წყნარი ოკეანის დანარჩენი ნაწილი — $10.162 მლრდ.
iPhone
iPhone, კომპანიის სმარტფონი, შემოსავლების მიხედვით, Apple-ის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის კატეგორიაა. გასულ კვარტალში iPhone-ის გაყიდვებმა $69.702 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 58.3%-ს წარმოადგენს.
Mac
კომპანიის Mac კატეგორიაში ერთიანდება პერსონალური კომპიუტერები, როგორებიც არის MacBook Air და MacBook Pro ლეპტოპები, iMac, Mac Studio და Mac Pro დესკტოპ კომპიუტერები. ბოლო კვარტალში Mac-ის გაყიდვებმა $7.780 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 6.5%-ს წარმოადგენს.
iPad
Apple-ის iPad პროდუქტებში შედის მრავალფუნქციური ტაბლეტების სპექტრი, როგორიცაა iPad Air, iPad mini და iPad Pro. გასულ კვარტალში ამ კატეგორიის გაყიდვებმა $7.023 მილიარდს მიაღწია, რაც ტექნოლოგიური გიგანტის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 5.9%-ს შეადგენს.
სახლის და სატარებელი მოწყობილობები, აქსესუარები
კომპანია „Wearables, Home and Accessories“ კატეგორიაში რამდენიმე პროდუქტს აერთიანებს. Apple-ის ბიზნესის ეს ნაწილი მოიცავს AirPods-ის უკაბელო ყურსასმენების ხაზს, Apple TV მედია სტრიმინგს და გეიმინგ მოწყობილობებს, Apple Watch-ის ჭკვიანი საათების ხაზს, HomePod და Beats პროდუქტებს სახლისთვის. გასულ მეოთხედში ამ კატეგორიის გაყიდვებმა $11.953 მილიარდს მიაღწია, რაც Apple-ის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს.
სერვისები
ბოლო კვარტალში სერვისებიდან გამომუშავებულმა ფულმა $23.117 მილიარდს მიაღწია, რაც ტექნოლოგიური გიგანტის მთლიანი შემოსავლის 19.3%-ს შეადგენს. ამ სეგმენტის გაყიდვები წლიურად 13%-ით გაიზარდა, უფრო სწრაფად, ვიდრე პროდუქტების განყოფილებაში, სადაც გაყიდვები არსებითად უცვლელი იყო. სერვისები შედგება სხვადასხვა მიმართულებისგან, როგორიც არის რეკლამირება, AppleCare, iCloud, App Store, Arcade, Fitness+, Music, News+, TV+, Apple Card და Apple Pay.
გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში ეს სეგმენტი სწრაფი ტემპით გაფართოვდა, მისი საოცარი მთლიანი მარჟა — 72.8% — ბევრად აღემატება მოწყობილობების სეგმენტის იმავე მაჩვენებელს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს შეთავაზებები ციფრული ხასიათისაა, რაც დაბალ ზღვრულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
გარდა ზრდის ხელშეწყობისა და გაუმჯობესებული მომგებიანობისა, სერვისების სეგმენტი მხარს უჭერს Apple-ის მთელ ეკოსისტემას. ამის გარეშე, გლობალური ბაზა, რომელიც 2.2 მილიარდი აქტიური მოწყობილობისგან შედგება, არაფრით იქნება განსხვავებული სხვა პროდუქტებისგან და კომპანიას ფასწარმოქმნის ძალაუფლებას არ მისცემს.
თუმცა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფა და გამოწერის სერვისები კომპანიის პროდუქტებს ბევრად უფრო ღირებულს ხდის. ისინი განაპირობებს მიჯაჭვულობას და მომხმარებელთა ლოიალობას.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე კი ნაჩვენებია, თუ როგორ ნაწილდებოდა Apple-ის შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ფისკალური 2013-2023 წლების განმავლობაში.
Apple-ის მიმდინარე გამოწვევები
Apple-ის ამჟამინდელი გამოწვევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია წინაღობები ჩინეთის ბაზარზე, ევროკავშირის მიერ მასთან დაკავშირებით წამოწყებული გამოძიება და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ეს ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება ყველა იმ რეგიონის აღსანიშნად, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC), ისე ჩინეთის რესპუბლიკა (ROC).
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.