ბოლო 12 თვის განმავლობაში ჯანდაცვის კომპანიის – Moderna-ს აქციების ფასი 55%-ით დაეცა (ამ დროის მანძილზე S&P 500 მხოლოდ 4%-ით შემცირდა). მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თავის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საშუალებით მილიარდები გამოიმუშავა, ინვესტორებს უფრო მეტად აწუხებთ ის ფაქტი, თუ როგორ განაგრძობს კომპანია საქმიანობას მომავალში კოვიდ-19-ის გარეშე.
Moderna-ს მილიარდობით დოლარის მოცულობის ნაღდი ფული გააჩნია, რომლითაც შეუძლია სხვა კომპანია შეიძინოს ან საკუთარში განახორციელოს ინვესტიციები. თუმცა, ამ დრომდე მან შესაფერისი გარიგება ვერ იპოვა. აქციების მდგომარეობის გაუმჯობესების გამო კი, შესაძლოა, ბიზნესის შეძენა ამიერიდან უფრო ძვირი გახდეს. დაუშვა Moderna-მ უხეში შეცდომა?
შერწყმისა და შესყიდვის მიმართულებით ბევრი სხვა კომპანია უფრო აგრესიულად მოქმედებდა
Bear market-ის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ინვესტორებს საშუალება ეძლევათ ხარისხიანი აქციები შემცირებულ ფასებში შეიძინონ. კომპანიებსაც ეძლევათ იმავეს გაკეთების შანსი.
ივლისში ტექნოლოგიური კომპანიის – Amazon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის კომპანიას – One Medical-ს $3.9 მილიარდად შეიძენენ. წამლების მწარმოებელი – Amgen ბიოფარმაცევტული კომპანიის – ChemoCentryx-ის $3.7 მილიარდად შეძენას გეგმავს.
Moderna-ს კონკურენტი – Pfizer ასევე აქტიურია, მისმა წარმომადგენლებმა ამ თვეში განაცხადეს, რომ კომპანია Global Blood Therapheutics-ის $5.4 მილიარდად შეძენას გეგმავს. და ეს ემატება იმ გარიგებებს, რომლებიც კომპანიამ ახლახან დახურა – ReViral ივნისში და Arena Pharmaceuticals მარტში.
Moderna შესაძლებლობას ხელიდან უშვებს?
30 ივნისის ბოლოსთვის მოდერნას მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ნაღდი ფული და ინვესტიციები $18.1 მილიარდს შეადგენდა. შესაბამისად, მოდერნას შესყიდვის განსახორციელებლად უზარმაზარი შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა ეს არ მომხდარა. კომპანიის ბოლოდროინდელი კვარტალური ანგარიშის წარდგენისას მენეჯმენტმა ეს გარემოება ახსნა.
პირველი ის არის, რომ მათ ზედმეტი დივერსიფიკაცია არ სურთ. აღმასრულებელმა დირექტორმა – სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ მენეჯმენტს სურს მოდერნა ნუკლეინის მჟავის საუკეთესო კომპანია იყოს, ამიტომ ისინი ამ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულნი.
მეორე მიზეზი ის არის, რომ, როგორც ჩანს, მენეჯმენტის აზრით, ამჟამად ფულის გამოსაყენებლად აქციების გამოსყიდვაზე უკეთესი გზა არ არსებობს.
უნდა იღელვონ Moderna-ს ინვესტორებმა?
Moderna-ს საქმიანობის უმეტესი ნაწილი კოვიდ-19-ს მოიცავს. ეს ინვესტორებისთვის წითელი დროშა უნდა იყოს, რადგან კოვიდთან დაკავშირებული შემოსავალი გარდაუვალად ნელდება. ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ახლა 6-ს შეადგენს და შესაძლოა ეს კარგ გარიგებად ჩანდეს, თუმცა, შეიძლება, ეს მდგომარეობა მომავალში არსებული გაურკვევლობით არის გამოწვეული.
2022 წელს მოდერნა თავისი კოვიდ-19-ის ვაქცინიდან $21 მილიარდიან შემოსავალს ელოდება. თუმცა მომავალ წელს ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლები იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია სხვა მიმართულებით გაფართოებას არ აპირებს, რათა ბიზნესი კოვიდზე ნაკლებად დამოკიდებული გახდეს, მოდერნაში ინვესტირება ახლა სახიფათო იქნება.