გუშინ გაერთიანებული სამეფოს (UK) კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი დადგენილებით, Microsoft-ის (MSFT) მიერ Inflection AI-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავება და AI სტარტაპთან დაკავშირებული შეთანხმებები კონკურენტული გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა გადაიხადა $650 მილიონი Inflection-ის ტექნოლოგიის ლიცენზირებისთვის. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასევე დაიქირავა Inflection-ის გუნდის მთავარი წევრები. სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოში კი გაჩნდა ეჭვები, რომ, შესაძლოა, ამ შეთანხმებამ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ანტიმონოპოლიური წესები დაარღვიოს.
მარტში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI განყოფილებისთვის დაიქირავა Inflection-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი და Inflection-ის მთავარი მეცნიერი, კარენ სიმონიანი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის AI განყოფილებას Infection-ის გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, მათ შორის ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული AI ინჟინერი, მკვლევარი და დეველოპერი.
გარდა ამისა, Inflection-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Inflection-2.5, კომპანიის AI მოდელი, Microsoft Azure-ზე განთავსდება.
ივლისის შუა რიცხვებში კი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იკვლევენ, როგორ შეიძლება Microsoft-ის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა იმოქმედოს AI ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. CMA-ს კვლევის საგანი ისიც იყო, თუ რამდენად წარმოადგენს ტექნოლოგიური გიგანტის Inflection AI-სთან შეთანხმება რეალურად შერწყმას.
გუშინ კი ბრიტანეთის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გარიგება შეიძლება ჩაითვალოს „შერწყმის შესაბამის სიტუაციად“, თუმცა ის „კონკურენციის არსებითად შემცირების რეალურ პერსპექტივას არ წარმოშობს“.
გამოძიების დახურვა შეიძლება კარგი ამბავი იყოს ტექნოლოგიური გიგანტისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის Microsoft-ის AI პარტნიორობას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად Microsoft-ის თანამშრომლობა Inflection AI-სთან გამოძიების პროცესშია შეერთებულ შტატებშიც, სადაც ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) შერწყმისა და შეძენის ანტიმონოპოლიური წესების შესაძლო დარღვევას იკვლევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $409.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $504.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $570.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.