ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Gap-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 85%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, Gap-ის შემოსავალი დაახლოებით 1%-ით — $4.3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.22 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი $185 მილიონი შეადგინა, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.49 იყო (პროგნოზი — $0.22).
Gap-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — რიჩარდ დიქსონმა ძლიერი კვარტალური შედეგები მიაწერა კომპანიის ოპერაციულ და ფინანსურ სიმტკიცეს.
Gap-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ 2024 წლის პირველი კვარტლისთვის $0.15-ის ოდენობით დივიდენდი დაამტკიცა. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ფისკალური 2024 წლის გაყიდვები წლიურად დაახლოებით უცვლელი იქნება, რადგან საცალო ინდუსტრია კვლავ გაურკვეველ სამომხმარებლო და მაკრო გარემოში ოპერირებს.
Gap-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის სხვა ბრენდის, Old Navy-ის — 2%-ით. ეს მაჩვენებელი Banana Republic-ისთვის 4%-ით შემცირდა, ხოლო Athleta-სთვის — 10%-ით.
Gap-ის მენეჯმენტის თქმით, მათ იციან, რომ Banana Republic-ის „აღდგენას“ დრო დასჭირდება, რადგან კომპანია მუშაობს ბრენდის ესთეტიკის „ამაღლებაზე“ მაშინ, როდესაც Athleta-ს გაყიდვები კვლავაც გამოწვევების წინაშე დგას.
ანალიტიკოსების მოლოდინებს Gap-ის მთლიანი ფისკალური 2023 წლის გაყიდვებმაც — $14.9 მილიარდი — გადააჭარბა. თუმცა ეს მაჩვენებელი შემცირდა 2022 წელთან შედარებით, ნაწილობრივ Gap-ის ჩინეთის განყოფილების გაყიდვის გამო.
ანალიტიკოსების შეფასებები
Gap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $21.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Gap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Gap-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.