უორენ ბაფეტი 93 წლისაა და მისი ქონება ამჟამად $133 მილიარდს აჭარბებს. ლეგენდარულმა ინვესტორმა ინვესტირება ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე დაიწყო, მან პირველი აქცია 11 წლის ასაკში შეიძინა. მას შემდეგ ბაფეტმა დააგროვა დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც იგი საზოგადოებას ხშირად უზიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტმა საინვესტიციო კარიერა ძალიან ადრე დაიწყო, მან სიმდიდრის 99% მას შემდეგ დააგროვა, რაც 50 წლის გახდა.
ამ ფაქტის აღნიშვნისას უნდა გავიხსენოთ მისი სიტყვები: „ნელი ნაბიჯებით წარმატების მიღწევა საკმაოდ ადვილია, თუმცა ამას სწრაფად გამდიდრებაზე ვერ ვიტყვით“. დღეს სწორედ ამ ფრაზის გარშემო ვისაუბრებთ.
- ფოკუსირდით S&P 500-ის საინდექსო ფონდზე
2013 წელს აქციონერებისათვის განკუთვნილ წერილში უორენ ბაფეტმა განაცხადა: „რასაც აქ გირჩევთ, არსებითად იდენტურია გარკვეული ინსტრუქციებისა, რომლებიც ჩემს ანდერძში დავწერე. ანდერძი ითვალისწინებს, რომ ნაღდი ფული გადაეცემა ნდობით აღჭურვილ პირს ჩემი მეუღლის სასარგებლოდ. ჩემი რჩევა, ნდობით აღჭურვილი პირისთვის, მარტივია: განათავსეთ ფულის 10% მოკლევადიან სახელმწიფო ობლიგაციებში, ხოლო 90% — ძალიან დაბალ ხარჯიან S&P 500 ინდექსის ფონდში (რეკომენდაციას ვუწევ Vanguard-ს.) მე მჯერა, რომ ამ სტრატეგიის გრძელვადიანი შედეგები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ის, რასაც ინვესტორების უმეტესობა მიაღწევს, იქნება ეს საპენსიო ფონდები, ინსტიტუტები, თუ კერძო პირები.“
S&P 500-ში აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილი კომპანია ერთიანდება, ამიტომ, მის საინდექსო ფონდში ინვესტირება ამ ფირმების ზრდისგან სარგებლის მიღების საშუალებას გაძლევთ. გარდა ამისა, ეს სტრატეგია უზრუნველგყოფთ მყისიერი დივერსიფიკაციით ინდუსტრიების მიხედვით — S&P 500 აშშ-ის 11 სექტორს მოიცავს.
ამასთან, ისტორია გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდექსი მუდმივად იზრდება. გრძელ ვადაში S&P 500-ის საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
თუმცა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ სიტყვებს „გრძელვადიანი პერსპექტივა“. საფონდო ბირჟამ შეიძლება ვარდნა განიცადოს და შემდეგ მის აღდგენას საკმაო დრო დასჭირდეს. სასურველი სარგებლის მისაღებად კი საჭიროა გრძელვადიან პერიოდზე ფოკუსირება და თვითდისციპლინა, რათა ვარდნის დროს ინვესტიცია არ გაყიდოთ და ბაზრის აღდგენით სარგებლობა შეძლოთ.
- ისწავლეთ დაზოგვა
„ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ დაზოგვის ჩვევის გამომუშავებას ადრეულ ეტაპზე არ ვცდილობთ“ — ამბობს ბაფეტი. გარდა ამისა, მისი თქმით, კიდევ ერთი დიდი შეცდომა სწრაფად გამდიდრების მცდელობაა.
აქციების ფასის ვარდნა გამოიყენეთ
უორენ ბაფეტის თქმით, მას უყვარს bear ბაზრები. თუმცა ზოგადად მისი რჩევაა, შეიძინოთ საიმედო კომპანიების აქციები, რომელთა ინდუსტრია და ბიზნეს მოდელი კარგად გესმით. „თუ მეტყოდით, რომ მომავალ კვირას ბაზარი 500 პუნქტით დაეცემა, გუშინ ფულს იმავე კომპანიებში დავაბანდებდი. არ ვიცი, რა მოხდება ბაზარზე, თუმცა ვიცი, როგორ შევარჩიო ხარისხიანი კომპანია, რომლის აქციებსაც დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნებ“ — განმარტავს ინვესტორი.
როგორც ბაფეტმა ერთხელ თქვა: „შესაძლებლობები იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, გამოიყენეთ სათლი და არა — სათითე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, bear market-ის პერიოდში ბევრი ხარისხიანი კომპანიის აქციების ფასები მკვეთრად მცირდება და საზრიანი ინვესტორები ასეთ შესაძლებლობებს სათავისოდ იყენებენ.