გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ — Tesla-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $21.3 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $22.27 მილიარდი), ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $0.45 (პროგნოზი — $0.49).
გარდა ამისა, გასულ მეოთხედში Tesla-მ 433,371 ელექტრომობილი აწარმოა (3 და Y მოდელები — 412,376; სხვა მოდელები — 20,995). ბაზარს კი კომპანიამ 386,810 ერთეული მიაწოდა (3 და Y მოდელები — 369,783; სხვა მოდელები — 17,027).
აღმასრულებელი დირექტორი — ილონ მასკი კომპანიის სხვა ლიდერებს შეუერთდა და Tesla-ს კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, მნიშვნელოვანი კომენტარები გააკეთა. ჩვენ კი სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.
უფრო ხელმისაწვდომი მოდელები გამოვა 2025 წლის დასაწყისში ან უფრო ადრე
მასკის თქმით, Tesla პროცესებს აჩქარებს და ახალი მოდელების წარმოების დაწყებას 2024 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში აპირებს. მენეჯმენტმა ადრე განაცხადა, რომ მათი წარმოება 2025 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყებოდა.
ახალ ავტომობილებს შორის იქნება უფრო ხელმისაწვდომი მოდელებიც, რომლებიც Tesla-ს შემდეგი თაობის პლატფორმას და მის ამჟამინდელ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. მასკმა პირველად 2018 წელს წამოწია $25,000-იანი ელექტრომობილის წარმოების საკითხი და განაცხადა, რომ ახალი მოდელის დაპროექტებას დაახლოებით სამი წელი დასჭირდებოდა.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი მოდელების დასამზადებლად Tesla-ს ამჟამინდელი საწარმოო ხაზები იქნება გამოყენებული, რამაც შეიძლება გააქარწყლოს ინვესტორების ეჭვები ხარჯებთან და ვადებთან დაკავშირებით.
მოლაპარაკება მსხვილ ავტომწარმოებელთან
კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა რომელიმე მსხვილი ავტომწარმოებელი Tesla-ს კომპანიის სრული თვითმართვადი (FSD) ტექნოლოგიის ლიცენზირების საკითხზე, მასკმა დადებითი პასუხი გასცა. მისი თქმით, Tesla ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ერთ დიდ ავტომწარმოებელთან აწარმოებს.
მასკმა განაცხადა, რომ შესაძლოა კომპანიამ სალიცენზიო ხელშეკრულებას ხელი წელს მოაწეროს, თუმცა Tesla-ს სხვა ლიდერების თქმით, FSD-ის სხვა ავტომწარმოებლების მანქანებში ინტეგრირებას კონტრაქტის დადებიდან მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.
აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ Tesla-ს FSD ტექნოლოგიის სხვა ავტომწარმოებლების მიერ ათვისებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს კომპანიის ფულად ნაკადებზე.
მასკმა ისიც აღიარა, რომ სხვა ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ნაცვლად ჰიბრიდებზე ფოკუსირდებიან, რადგან პირველ მათგანზე მოთხოვნა მცირდება. თუმცა, მისი თქმით, Tesla-ში მიაჩნიათ, რომ ეს სწორი სტრატეგია არ არის და ელექტრომობილები ბაზარზე საბოლოოდ მაინც მოიპოვებენ დომინაციას.
რობოტაქსი
Tesla-ს რობოტაქსის გამოშვება 8 აგვისტოს იგეგმება. ეს პროექტი არის ტესლას ხედვის ნაწილი, შექმნას ავტონომიური ტაქსის სერვისი.
მასკმა განმარტა, რომ რობოტაქსის პროექტის ფარგლებში გარკვეული რაოდენობის ავტომობილები Tesla-ს საკუთრებაში იქნება, ხოლო მანქანების ნაწილის მფლობელები თავად საბოლოო მომხმარებლები იქნებიან. ისინი ფულს გამოიმუშავებენ თვითმართვადი ავტომობილების რობოტაქსის მომხმარებლებზე გაქირავებით, Tesla კი აქედან საკომისიოს მიიღებს. ილონ მასკმა თქვა, რომ ინვესტორებს შეუძლიათ ეს პროექტი Uber-ისა და Airbnb-ის გარკვეულ კომბინაციად წარმოიდგინონ.
მან ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, Tesla-ს რობოტაქსებმა AWS (Amazon Web Services) გამოიყენოს, რადგან მათ დასჭირდება გამოთვლითი ტექნოლოგია ინტერფეისის ასამუშავებლად და AI სამუშაოებთან გასამკლავებლად.
აღმასრულებელი დირექტორი ასევე შეეხო ავტონომიური მართვის ტექნიკის ირგვლივ არსებულ საკანონმდებლო ეჭვებს. მასკის აზრით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინაღობები არ იარსებებს იმ პირობით, რომ წარმოდგენილი იქნება დამაჯერებელი მონაცემები, რომლებიც დაამტკიცებს — ეს ტექნოლოგია უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ავტომობილის ადამიანების მიერ მართვა.
ტესლას ჰუმანოიდი რობოტი — Optimus
ილონ მასკმა განაცხადა, რომ Optimus ლაბორატორიაში მარტივ საწარმოო დავალებებს ასრულებს და, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოსთვის მას Tesla-ს ქარხნებში გამოიყენებენ. მან დასძინა, რომ 2025 წლის დასასრულისთვის პროდუქტი გასაყიდადაც მზად იქნება.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ, მისი აზრით, Optimus-ის ფასეულობა კომპანიის ყველა პროდუქტს ერთად გადაწონის. მასკის თქმით, არ არსებობს ეკონომიკის ზომის მნიშვნელოვანი შეზღუდვა გონიერი ჰუმანოიდი რობოტისთვის, რომელსაც რეალობაში ნავიგაცია და მოთხოვნის საფუძველზე ამოცანების შესრულება შეუძლია.
„Tesla საუკეთესოდ არის ბაზარზე პოზიციონირებული ნებისმიერი ჰუმანოიდი რობოტის მწარმოებელთან შედარებით. მის მიერ გამოტანილი დასკვნების ეფექტიანობასთან არცერთი კომპანია ახლოსაც კი არ არის“ — განაცხადა მასკმა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $145.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 20-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.