დღეს, ბაზრის გახსნამდე, Eli Lilly-მ (LLY) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი დღიურად 7%-ზე მეტით არის გაზრდილი. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით გაუმჯობესდა.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში წონაში კლების მედიკამენტების — Mounjaro-სა და Zepbound-ის მწარმოებლის შემოსავალი წლიურად 36%-ით — $11.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $1 მილიარდზე მეტით აღემატება.
Eli Lilly-ის წმინდა მოგებამ 68%-ით მოიმატა და $2.97 მილიარდს მიაღწია, ანუ ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე (EPS) 3.28 იყო, რაც ასევე აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.95-ს. კორექტირების შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა $3.92-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.11).
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
შემოსავალი | $11.3 მილიარდი | $8.3 მილიარდი | 36% |
წმინდა მოგება | $2.97 მილიარდი | $1.77 მილიარდი | 68% |
EPS | $3.28 | $1.95 | 68% |
კორექტირებული წმინდა მოგება | $3.5 მილიარდი | $1.9 მილიარდი | 86% |
კორექტირებული EPS | $3.92 | $2.11 | 86% |
Mounjaro-ს გაყიდვებმა წლიურად სამჯერ მოიმატა და $3.09 მილიარდს მიაღწია, ხოლო Zepbound-ის შემოსავალმა უკვე გადააჭარბა $1 მილიარდს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სურსათებისა და მედიკამენტების ასოციაციისგან (FDA) დასტური 2023 წლის ნოემბერში მოიპოვა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Eli Lilly-ის მენეჯმენტმა სრული 2024 წლისთვის შემოსავლის პროგნოზი $3 მილიარდით გაზარდა და ახლა მოელის, რომ ეს მაჩვენებელი $45.4-$46.6 მილიარდს მიაღწევს Mounjaro-სა და Zepbound-ის ძლიერი გაყიდვების ფონზე. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მოგება თითო აქციაზე $15.10-$15.60-ს შეადგენს, რაც ასევე აღემატება მენეჯმენტის ძველ საპროგნოზო დიაპაზონს — $13.05-$13.55-ს.
პოზიტიური სიახლე
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე გავრცელდა. ივლისში Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ჩინეთის რეგულატორებისგან მოიპოვა თანხმობა ქვეყანაში წონაში კლების მედიკამენტის — tirzepatide-ის გაყიდვის შესახებ.
Tirzepatide არის აქტიური ინგრედიენტი, რომელიც Eli Lilly-ის შაქრიანი დიაბეტის მედიკამენტში — Mounjaro-ში და წონაში კლების პრეპარატში — Zepbound-ში გამოიყენება. პირველი მათგანი ადრე დამტკიცდა ჩინეთში დიაბეტის სამკურნალოდ.
ეს სიახლე გავრცელდა მას შემდეგ, რაც დანიური კონკურენტის — Novo Nordisk-ის (NVO) წარმომადგენლებმა ივნისში განაცხადეს, რომ კომპანიის წონაში კლების მედიკამენტმა — Wegovy-მ მიიღო დასტური ჩინეთის მარეგულირებლებისგან. გასულ JAMA Internal Medicine-ის კვლევამ დაადგინა, რომ tirzepatide უფრო ეფექტიანია წონაში კლების თვალსაზრისით, ვიდრე semaglutide, რომელიც Novo Nordisk-ის Ozempic-ისა და Wegovy-ის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს.
Novo Nordisk-ის Ozempic-მა და Wegovy-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შედეგად, გაიზარდა დანიური ფირმის მოგება და აქციების ფასი — Novo Nordisk ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Eli Lilly-მ კი მსგავს ზრდას მიაღწია Mounjaro-სა და Zepbound-ის წყალობით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Eli Lilly-ის აქციებს?
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $831.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $955.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,117.00-ს, ხოლო მინიმალური — $725.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Eli Lilly-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.