გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Domino’s Pizza-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი პიცის ამერიკული სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.5%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Domino’s Pizza-ს შემოსავალი წლიურად 7%-ით — $1.1 მილიარდამდე გაიზარდა, რაც შეესაბამებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს. თუმცა, როგორც ჩანს, Domino’s ჩამორჩა მოლოდინებს ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 მიმართულებით — ეს მაჩვენებელი აშშ-ში წლიურად 4.8%-ით გაიზარდა. ამიტომ კომპანია, ანალიტიკოსების პროგნოზების გასამართლებლად, უფრო მეტად ეყრდნობოდა ახალი ლოკაციების გახსნას, ვიდრე ზრდას არსებულ ობიექტებზე. კონკრეტულად, Domino’s-მა მეორე კვარტალში 175 ახალი ლოკაცია გახსნა და სწორედ ამან განაპირობა გაყიდვების ზრდა. უარესი ის არის, რომ შემოსავლის ეს ზრდა მნიშვნელოვნად მაღალ მოგებად ვერ იქცა — საოპერაციო მოგებამ წლიურად 1%-ზე ნაკლებით მოიმატა.
დადებითი მხარეა ის, რომ Domino-ს კვარტალური წმინდა მოგება წლიურად 30%-ით — $142 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო დაბალი საგადასახადო განაკვეთით და „გადასახადების გადახდამდე არარეალიზებული მოგებისა და ზარალის ცვლილებით, რაც დაკავშირებულია DPC Dash-ში კომპანიის ინვესტიციის ხელახლა გაზომვასთან“.
2024 წლის მეორე კვარტალში Domino’s Pizza-ს მოგება თითო აქციაზე (EPS) 31%-ით — $4.03-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს — $3.65-ს. აღსანიშნავია, რომ ამას ხელი შეუწყო კომპანიის მიერ აქციების გამოსყიდვამ.
მომავლის პერსპექტივა
რაც შეეხება მომავალს, Domino’s Pizza-ს მენეჯმენტი მოელის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის შემოსავალი ყოველწლიურად 7%-ით გაიზრდება, ხოლო საოპერაციო შემოსავლის ზრდა დაახლოებით 8%-ს დაუბრუნდება. თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორები ამაში დარწმუნებულები არ არიან. ეს შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს Domino-ს მენეჯმენტის სიტყვებით, რომ მომავალში ახალი ლოკაციების გახსნას შეანელებს.
Domino’s Pizza წელს მხოლოდ 925 ახალ მაღაზიას გახსნის (1100-ის ნაცვლად). კომპანიამ გლობალური მასშტაბით ლოკაციების რაოდენობის წლიურად 1,100-ით გაზრდის გეგმები გადადო, თუმცა ის აშშ-ში წელიწადში ლოკაციების რიცხვის დაახლოებით 175-ით მატებას განაგრძობს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Domino’s-ის აქციებს?
Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $409.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $552.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $612.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Domino’s Pizza-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.