დღეს, სავაჭრო სესიის დაწყებამდე, ამერიკულმა ავიაკომპანიამ — Delta Air Lines-მა (DAL) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ამ სტატიის წერის დროისთვის მისი აქციების ფასი 6%-ზე მეტით არის შემცირებული. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Delta Air Lines-ის მთლიანმა შემოსავალმა წლიურად 7%-ით მოიმატა და რეკორდულ ნიშნულს — $16.7 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $16.2 მილიარდს. თუმცა Delta-ს მოგება თითო აქციაზე (EPS) წლიურად 29%-ით — $2.01-მდე შემცირდა, რაც ჩამორჩა უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.39-ს.
რეკორდული შემოსავალი, გაზრდილი დივიდენდი
საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნა წელსაც მაღალ ნიშნულზეა, მიუხედავად მომხმარებლების მიერ დისკრეციული ხარჯების შემცირებისა.
მეორე კვარტალში რეკორდული შემოსავლის დაფიქსირებისა და Delta-ს მენეჯმენტის მიერ გასულ თვეში დივიდენდის 50%-ით ზრდის დაანონსების მიუხედავად, დღეს, ჯერჯერობით, კომპანიის აქციების ფასი შემცირებულია. ეს კი, სავარაუდოდ, მოსალოდნელზე სუსტი მოგებით არის გამოწვეული.
Delta Air Lines-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში საწვავის ხარჯები წლიურად 12%-ით გაიზარდა, დამატებითი ბიზნესისა და გადამამუშავებელი ქარხნების დანახარჯები — 25%-ით, ხოლო სადესანტო გადასახადი და სხვა საიჯარო ხარჯები —24%-ით.
Delta Air Lines-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიის უმაღლეს ფინანსურ პრიორიტეტად ვალის შემცირება რჩება. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში Delta-მ ამ მიმართულებით $1.4 მილიარდი დახარჯა.
რაც შეეხება მომავალს, ავიაკომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე, მესამე კვარტალში, კორექტირებული EPS $1.70-$2.00-ს შეადგენს, ხოლო წლიური კორექტირებული EPS — $6-$7-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Delta Air Lines-ის აქციებს?
Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $63.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $52.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 44%-იან ზრდას გულისხმობს.
Delta Air Lines-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.