გუშინდელი სავაჭრო დღე CrowdStrike-მა (CRWD) 4.3%-იანი ზრდით დაასრულა მას შემდეგ, რაც კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციებმა ისარგებლა დადებითი შეფასებით საინვესტიციო ფირმისგან და ფართო ბაზრის აღდგენით.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს IT შეფერხება პირდაპირ აისახა აეროპორტების, ბანკებისა და მაუწყებლების მუშაობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხარვეზები იყო საქართველოში არსებულ ქუთაისის აეროპორტშიც, რაც რეგისტრაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებას გულისხმობდა.
Microsoft Windows-ზე მომუშავე კომპანიებს ივლისში პრობლემებთან გამკლავება მოუწიათ — გამოჩნდა ე. წ. სიკვდილის ლურჯ ეკრანები, რომლებიც მიუთითებდა, რომ Windows არ ჩაიტვირთა. ეს კი CrowdStrike-ის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზული განახლებით იყო გამოწვეული.
გუშინ კი ტექნოლოგიური აქციები აღდგა სამდღიანი ვარდნის შემდეგ, რადგან ინვესტორებმა ნეგატიური ეკონომიკური სიახლეებისგან შესვენება აიღეს და შემცირებული აქციების ყიდვის შესაძლებლობა გამოიყენეს.
CrowdStrike-მა გუშინ ასევე მიიღო განახლება Piper Sandler-ისგან — საინვესტიციო ბანკმა კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $290-დან $310-მდე გაზარდა. ანალიტიკოსმა — რობ ოუენსმა აღნიშნა, რომ ისტორიულად, შეფერხებებს დიდი გავლენა არ ჰქონია კიბერუსაფრთხოების კომპანიებზე, როგორიც არის, მაგალითად, CrowdStrike.
გარდა ამისა, მრავალი მედია წყარო იტყობინება, რომ Microsoft არ დაეთანხმა Delta Air Lines-ის პრეტენზიებს, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკური გათიშვის შესახებ ავიაკომპანიის სარჩელთან CrowdStrike-ის წინააღმდეგ. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღდგენის ნელი პროცესი განაპირობა Delta-ს მოძველებულმა ტექნოლოგიამ და იმან, რომ კომპანიის მენეჯმენტმა Microsoft-ის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადა.
Microsoft-ის წარმომადგენლების კომენტარებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინციდენტთან დაკავშირებით CrowdStrike-ის პასუხისმგებლობის შემცირებას.
CrowdStrike-ის აქციების ფასი ახლა 32%-ით არის დაკლებული იმ ნიშნულიდან, რომელიც შეფერხებამდე იყო დაფიქსირებული. ეს კი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას წარმოადგენს.
კომპანიების მიერ კიბერუსაფრთხოების პროვაიდერების შეცვლა სირთულეებთან არის დაკავშირებული. CrowdStrike კი ზოგადად აღიარებულია, როგორც საბოლოო წერტილის უსაფრთხოების საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია და ამ ინციდენტამდე მისი რეპუტაცია ძლიერი იყო.
ჩვენ უფრო მეტს შევიტყობთ CrowdStrike-ის კვარტალური ანგარიშიდან, რომელსაც კომპანია თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. მიმდინარე ფასი კი, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესყიდვის ხელსაყრელ შესაძლებლობას ქმნიდეს.
გასული თვის ბოლოს Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ „თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური IT შეფერხების“ შემდეგ, რომელმაც დაახლოებით 8.5 მილიონი Windows მოწყობილობა დააზარალა, ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება CrowdStrike-ის აქციების იაფად შეძენის შესაძლებლობა დაინახოს.
ასეთ ინვესტორებს შორის არის კეტი ვუდიც. გავრცელებული ინფორმაციით, 19 ივლისს, მისმა ინვესტიციების მენეჯმენტ ფირმამ — ARK Invest-მა Next Generation Internet ETF-ს (ARKW) CrowdStrike-ის $8.25 მილიონის ღირებულების აქციები დაამატა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები CrowdStrike-ის აქციებს?
CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $232.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $358.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $275.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 54.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
CrowdStrike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.