გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Coca-Cola-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი, ცნობილი გაზიანი სასმელების მწარმოებლის აქციების ფასი მცირედით — 0.6%-ით შემცირდა.
გასულ კვარტალში Coca-Cola-ს შემოსავალი წლიურად 7%-ით — $10.85 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $10.67 მილიარდი). კომპანიის ორგანული შემოსავალი, რომელიც შესყიდვებისა და დივესტირების შედეგებს გამორიცხავს, კვარტალში 12%-ით გაუმჯობესდა.
Coca-Cola-ს წმინდა მოგებამ $1.97 მილიარდი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე მოგება (EPS) $0.46 იყო (პროგნოზი — $0.01). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში, წმინდა მოგებამ $2.03 მილიარდს მიაღწია (EPS — $0.47).
გასული მეოთხედის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.49 შეადგინა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზებს შეესაბამებოდა.
მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Coca-Cola-ს გაყიდული პროდუქციის მოცულობა კვარტალში წლიურად 2%-ით გაიზარდა. ეს მეტრიკა გამორიცხავს ფასებისა და უცხოური ვალუტის ეფექტებს. კომპანიის მმართველი გუნდის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა, მეოთხე კვარტალში, მოცულობის ზრდა 1%-ით დააზიანა.
ჩრდილოეთ ამერიკაში მოცულობები 1%-ით შემცირდა, რადგან მოთხოვნა, Coca-Cola-ს გაზიან წყალზე, სპორტულ სასმელებზე, ყავასა და ჩაიზე, დაეცა. შედარებისთვის, იმავე რეგიონში კონკურენტი PepsiCo-ს გაყიდული სასმელების მოცულობა 6%-ით შემცირდა. Pepsi-ის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ში სესხის აღების მაღალი ხარჯები და დაბალი პირადი დანაზოგები ამცირებდა მომხმარებელთა ბიუჯეტს, რაც მყიდველებს უფრო იაფ ვარიანტებზე ან მცირე ზომის შეფუთვებზე ორიენტირებისკენ უბიძგებდა.
Coca-Cola-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმს კვინსიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ჩრდილოეთ ამერიკელი მომხმარებელი, რომელსაც ნაკლები შემოსავალი აქვს, უფრო მეტად დაზარალდა ინფლაციის გამო. ასეთმა ადამიანებმა მეტი ყურადღება გაამახვილეს ხელმისაწვდომ ფასებზე და სახლში მეტი დროის გატარებაზე.
მაგრამ ჯეიმსმა აღნიშნა, რომ სხვა, უფრო მაღალშემოსავლიან, სამომხმარებლო სეგმენტს ამ პირობებშიც დიდი მსყიდველობითი ძალა გააჩნია.
რაც შეეხება მომავალს, Coca-Cola-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის ორგანული შემოსავალი 6%-7%-ით გაუმჯობესდება, ხოლო EPS — 4%-5%-ით.
ანალიტიკოსების შეფასებები
Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $65.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $70.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Coca-Cola-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.