მეორე კვარტალში უოლ სტრიტის ცნობილმა ფირმებმა და მსხვილმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა ბიტკოინის სპოტ ETF-ებში ფული დააბანდეს, რაც ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ამ პროდუქტებისადმი ჯანსაღი ინტერესის ნიშანია.
Goldman Sachs-ის (GS) 13-F1 დოკუმენტის თანახმად, საინვესტიციო ბანკმა $400 მილიონზე მეტი დააბანდა ბიტკოინის 11-დან 7 სპოტ ETF-ში, რომელიც აშშ-ის საფონდო ბირჟებზეა ხელმისაწვდომი. ამ სიახლემ მრავალი ინვესტორისა და მედიის ყურადღება მიიპყრო, თუმცა Goldman Sachs არ იყო ერთადერთი დიდი ფირმა, რომელმაც ბიტკოინის სპოტ ETF-ები შეიძინა.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, Morgan Stanley-მ არა მხოლოდ გაზარდა ინვესტიციები ბიტკოინის ორ სპოტ ETF-ში, არამედ არამედ ექვსი ახალი პოზიციაც გახსნა, რომელთა ღირებულებამაც 30 ივნისისთვის დაახლოებით $189 მილიონს მიაღწია.
Wells Fargo-მაც (WFC) გააფართოვა თავისი ჰოლდინგები ამ მიმართულებით და ახლა მისი ინვესტიციები, Grayscale Bitcoin Trust-ის (GBTC) გარდა, მოიცავს შემდეგ ETF-ებს: Fidelity Wise Origin (FBTC) ფონდი, Invesco Galaxy bitcoin ETF (BTCO), iShares და VanEck Bitcoin Trust (HODL) ფონდები.
ამ მიმართულებით JPMorgan-ის ჰოლდინგი შემოიფარგლება მხოლოდ Grayscale Bitcoin Trust-ის მცირე წილით. მანამდე კი ქვეყნის უმსხვილესი ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, პირველი კვარტლის ბოლოსთვის, JPMorgan ფლობდა წილებს სულ მცირე სამ სხვა ბიტკოინის სპოტ ETF-ში. Swan Bitcoin-ის წამყვანი ანალიტიკოსის — სემ კალაჰანის თქმით, იმ დროს ითვლებოდა, რომ JPMorgan-ის ეს ჰოლდინგები დაკავშირებული იყო ბანკის, როგორც ბაზრის შემქმნელის როლთან ვაჭრობის ხელშეწყობაში.
Renaissance Technologies-მა, რაოდენობრივ ანალიზზე დაფუძნებულმა ჰეჯ-ფონდმა, გააორმაგა ფსონი Bitwise Bitcoin ETF-ზე, ასევე გახსნა ახალი პოზიციები Franklin Bitcoin ETF-ში (EZBC), iShares-ისა და VanEck-ის ფონდებში. კომპანიამ გაყიდა მთელი თავისი წილი Fidelity-ისა და Grayscale-ის ფონდებში, ასევე შეამცირა პოზიცია ARK 21Shares Bitcoin ETF-სა (ARKB) და Galaxy bitcoin ETF-ში.
BlackRock-ის IBIT აშკარა გამარჯვებულია
ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან Blackrock-ის iShares Bitcoin Trust ETF-ით. Goldman Sachs-ის $418 მილიონის მოცულობის ბიტკოინის სპოტ ETF ინვესტიციებიდან ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოებით $238 მილიონი ამ ფონდში გადავიდა. მასზე ასევე დიდი წილი მოდის Morgan Stanley-ის ამ მიმართულების ინვესტიციებიდან.
ამასთან, გასულ კვირაში, ლონდონში დაფუძნებულმა გიგანტმა ჰეჯ-ფონდმა — Capula Management-მა ასევე გამოავლინა, რომ $400 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული IBIT-სა და Fidelity ETF-ში.
State of Wisconsin Investment Board-მა (SWIB), რომელიც პასუხისმგებელია ვისკონსინის შტატის საპენსიო ფონდებისა და ინვესტიციების მართვაზე ასევე დააბანდა ფული IBIT-ში. პირველი კვარტლის ბოლოსთვის მის საინვესტიციო პორტფელში IBIT-ის 2.45 მილიონი აქცია იყო, მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 2.9 მილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ მეოთხედში SWIB გაყიდა თავისი წილი Grayscale ფონდში.
ბიტკოინის სპოტ ETF-ების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] SEC-ში კვარტალურად წარადგენს ფირმების უმეტესობა, რომელთა აქტივების ღირებულებაც $100 მილიონს აჭარბებს. ამ დოკუმენტში მოცემულია ფირმის მართვის ქვეშ არსებული ყველა აქტივის ჩამონათვალი.