დღეს, სავაჭრო საათების დაწყებამდე, ამერიკულმა საცალო კორპორაციამ — Target-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა.
2024 წლის პირველ კვარტალში Target-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $24.53 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $24.51 მილიარდს.
წმინდა მოგებამ $942 მილიონი შეადგინა, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $2.03 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.00). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $950 მილიონს და $2.05-ს მიაღწია.
Target-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის შედეგებზე ჯერ კიდევ აისახება მყიდველების მიერ დისკრეციული ხარჯების შემცირების ტენდენცია. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ, წინა კვარტლებთან შედარებით, დისკრეციული გაყიდვების ტენდენციები გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 4.8%-ით შემცირდა. თუმცა Traget-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ციფრული ბიზნესი კვლავ იზრდება.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Target-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში comps 0%-2%-ით გაუმჯობესდება, ხოლო მოგება თითო განზავებულ აქციაზე $1.95-$2.35-ს მიაღწევს. შედარებისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზი $2.19-ს შეადგენს.
მთელი წლისთვის კი კომპანიაში მოელიან, რომ EPS $8.60-$9.60-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი კი უფრო დაბალია, ვიდრე უოლ სტრიტის პროგნოზი — $9.37.
Target Circle-ის ხელახალი გამოშვება
აპრილში Target-მა გამოუშვა თავისი გამოწერაზე დაფუძნებული პროგრამის — Target Circle-ის განახლებული ვერსია. კომპანიამ შემოიღო დამატებითი, ფასიანი სერვისი, რომელიც წევრებს წვდომას მისცემს უპირატესობებზე, როგორიც არის, მაგალითად, უფასო მიწოდება იმავე დღეს. ეს Target-ს ეხმარება სხვა ელექტრონული კომერციის გიგანტებთან, მაგალითად, Walmart-თან და Amazon-თან კონკურენციაში.
Target-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ პირველ კვარტალში Target Circle-ს 1 მილიონი ახალი გამომწერი დაემატა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს არ გაუმჟღავნებიათ, თუ მათგან რამდენი შეუერთდა Target Circle-ის გრძელვადიან უფასო პროგრამას ან რამდენმა გამოიწერა ახალი Target Circle 360 სერვისი.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, Target-ის მენეჯმენტმა კონკურენტული უპირატესობის გაუმჯობესების კიდევ ერთი მეთოდი დააანონსა — ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 5,000 ყველაზე გაყიდვად საქონელზე ფასების შემცირება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Target-ის აქციებს?
Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $145.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $188.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $153.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Target-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.