ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Applied Materials-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 66%-ით გაუმჯობესდა.
Applied Materials არის ამერიკული კორპორაცია, რომელიც ბაზარს აწვდის აღჭურვილობას, მომსახურებას და პროგრამულ უზრუნველყოფას ნახევარგამტარული ჩიპების, კომპიუტერების, სმარტფონების, ტელევიზორებისა და მზის ენერგიის პროდუქტების დასამზადებლად.
Applied Materials-ის კვარტალური ანგარიში
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Applied Materials-ის შემოსავალმა $6.71 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების მოლოდინი — $6.48 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.13 შეადგინა და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.9-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS კიდევ უფრო მაღალი — $2.41 აღმოჩნდა.
კომპანიის გაყიდვები 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ოდნავ შემცირდა, თუმცა მთლიანი მოგების მარჟა 110 საბაზისო პუნქტით გაიზარდა, ხოლო საოპერაციო მარჟამ ოდნავ მოიმატა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ Applied Materials-ის გაყიდვები არ გაუმჯობესებულა, კომპანიის კვარტალური მოგება წლიურად 19%-ით გაიზარდა.
როგორ მოხდა ეს? Applied-ის ორ უმსხვილეს ბიზნეს სეგმენტს ნახევარგამტარების საწარმოო სისტემების გაყიდვა და ამ სისტემებისთვის მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. როგორც წესი, პირველი მათგანი უფრო მომგებიანი ბიზნესია. თუმცა ფისკალური 2024 წლის პირველ მეოთხედში Applied Materials-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საოპერაციო მოგების მარჟა (310 საბაზისო პუნქტით 28.3%-მდე) თავის მომსახურების სეგმენტში. როგორც ჩანს, ამ მიმართულების ეფექტიანობის გაუმჯობესებამ კომპანიას მოგების გაზრდის საშუალება მისცა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Applied Materials-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში შემოსავალი $6.1-$6.9 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $6.5 მილიარდი კი $200 მილიონით აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს.
გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $1.79-$2.15-ს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.79).
ანალიტიკოსების შეფასებები
Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $200.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Applied Materials-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.