გუშინ Apple-ის (AAPL) აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა ტექნოლოგიური გიგანტი პოზიტიურად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს მის ძლიერ პოზიციას მომავალში ხელოვნური ინტელექტით (AI) აღჭურვილი სმარტფონების ბაზარზე.
Loop Capital
Loop Capital-ის ანალიტიკოსებმა Apple-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $170-დან $300-მდე გაზარდეს.
გუშინ Loop-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ როგორ გააძლიერა პირველმა iPod-ებმა Apple-ის დომინანტური პოზიცია მუსიკისა და ციფრული კონტენტის სეგმენტში, ასევე როგორ დაემთხვა პირველი iPhone-ების გამოშვება სოციალური მედიის აღზევებას. ანალიტიკოსების თქმით ამის მსგავსად, Apple-ის ახალმა, AI-ით აღჭურვილმა iPhone-ებმა და iPad-ებმა შეიძლება ტექნოლოგიური გიგანტი მომხმარებლებისთვის გენერაციული AI-ის „საბაზისო ბანაკად“ აქციოს.
ციფრული კონტენტისა და სოციალური მედიის აღმასვლა იყო კატალიზატორები, რომლებმაც ხელი შეუწყო Apple-ის აქციების ფასის მნიშვნელოვან ზრდას დროთა განმავლობაში. Loop-ის ანალიტიკოსების თქმით კი შეიძლება, ტექნოლოგიური გიგანტისთვის გენერაციული AI მსგავს მამოძრავებელ ძალად იქცეს.
Morgan Stanley
გარდა ამისა, გუშინ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Apple-ის ძალისხმევა გენერაციული AI-ის მიმართულებით იქნება მკაფიო კატალიზატორი როგორც iPhone-ების, ისე iPad-ების გაყიდვებისთვის. მათი ვარაუდით, Apple-ს შეუძლია, მომდევნო 2 წლის განმავლობაში $500 მილიონამდე iPhone გაყიდოს. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა Apple-ის სამიზნე ფასი $216-დან $273-მდე გაზარდეს.
Apple და AI
iPhone-ის მწარმოებელმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, დაწყებული შესყიდვებით დასრულებული ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-სთან თანამშრომლობით.
მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-მა კანადური AI სტარტაპი — DarwinAI შეიძინა. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც iPhone-ის მწარმოებელს AI სივრცეში თავისი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, გასული თვეში გამართულ Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე (WWDC) AI მთავარი ელემენტი იყო — ტექნოლოგიურმა გიგანტმა საკუთარი Apple Intelligence წარადგინა. WWDC-ზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულმა ოპტიმიზმმა Apple-ის აქციების ფასი ივნისში ასევე რეკორდულ ნიშნულებამდე გაზარდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $234.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $230.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.