Amazon-ის (AMZN) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში, მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად $10.5 მილიარდის დაბანდებას გეგმავენ. ამ ინვესტიციის მიზანი ქლაუდ და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურების მასიური გაფართოებაა.
ამაზონში განაცხადეს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში Amazon Web Services (AWS), ტექნოლოგიური გიგანტის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, შეიტანს 14 მილიარდ ფუნტის ოდენობით წილს ქვეყნის მშპ-ში და ყოველწლიურად დაახლოებით 14,000 სამუშაო ადგილს დაუჭერს მხარს.
ანალიტიკოსების პროგნოზები AI ხარჯებთან დაკავშირებით
აღსანიშნავია, რომ Amazon-მა 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები 1 აგვისტოს გამოაქვეყნა. კვარტალურმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ გასულ მეოთხედში AWS-ის შემოსავალი წლიურად წლიურად 19%-ით — $26.3 მილიარდამდე გაიზარდა. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ზრდა შეიძლება გაგრძელდეს წელს ქლაუდ ინფრასტრუქტურასა და ხელოვნურ ინტელექტზე მაღალი მოთხოვნის გამო.
ამასთან, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ.
Capital Group-ის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტების — Microsoft, Alphabet, Meta და Amazon — კაპიტალური ხარჯები 2024 წელს $189 მილიარდს მიაღწევს, რაც S&P 500 ინდექსის კომპანიების მთლიანი კაპიტალური დანახარჯების მეხუთედზე მეტს (21%) შეადგენს.
Microsoft-ის, Alphabet-ის, Meta-სა და Amazon-ის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მოელიან გაზრდილ ხარჯებს AI ინფრასტრუქტურაზე, კონკრეტულად მონაცემთა ცენტრებზე, რათა AI სივრცეში ძლიერი პოზიცია დაიკავონ და ტექნოლოგიის გამოთვლითი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ტექნოლოგიური გიგანტების ინვესტიციები ხელს უწყობს მათ წვდომას იმ გამოთვლით ტექნოლოგიაზე, რომელიც AI ტექნოლოგიის წინსვლისთვის არის საჭირო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $184.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $222.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $265.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 43 ანალიტიკოსიდან 42-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.