გუშინ გამართულ კონფერენციაზე Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის (AI) თავისი შემდეგი თაობის ჩიპები და ჩეთბოტი გამოუშვა, ამასთან, გააღრმავა კავშირები ჩიპების მწარმოებელ Nvidia-სთან.
ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაზე Amazon Web Services-ის (AWS) მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა — ადამ სელიფსკიმ ახალი თაობის Graviton4 და Trainium2 ჩიპები დააანონსა. Amazon-ის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი პროდუქტები ფოკუსირებულია მანქანების სწავლების (ML) ტრენინგის საჭიროებებზე და გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე.
ადამ სელიფსკიმ თქვა, რომ Trainium2 ჩიპი ხელმისაწვდომი გახდება მომავალ წელს და ის ოთხჯერ უფრო სწრაფი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი.
AWS-ში განაცხადეს, რომ კომპანია მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს წვდომას Nvidia-ს ახალ H200 AI გრაფიკული დამუშავების ერთეულზე (GPU).
Nvidia-მ H200 დაახლოებით 2 კვირის წინ დააანონსა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ H200 არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი, ამავდროულად ძალიან სწრაფი და დიდი მეხსიერების მქონე GPU, რომელიც გენერაციული AI-ს და დიდი ენობრივი მოდელების განვითარების აჩქარებას შეუწყობს ხელს.
H200 არის Nvidia-ს H100 GPU-ს განახლებული ვერსია, რომელიც ამუშავებს წამყვან გენერაციულ AI ტექნოლოგიას, მათ შორის Microsoft-ისა და OpenAI-ის თანამშრომლობით განვითარებულ ChatGPT-ს.
Nvidia-ს მენეჯმენტის განცხადებით, H200, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის მეორე კვარტალში, თავსებადია წინა მოდელის გამოყენებით მომუშავე სისტემების მოწყობილობებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც უკვე იყენებენ Nvidia ტექნოლოგიას, შეუძლიათ უახლეს GPU-ზე შეუფერხებლად გადავიდნენ.
დავუბრუნდეთ Amazon-ს. კომპანიის განცხადება კიდე უფრო ამძაფრებს AI ჩიპების მიმართულებით დომინირებისთვის ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ Amazon-თან დაკავშირებული სიახლეების გავრცელებამდე Microsoft-მა დააანონსა საკუთარი AI ჩიპი სახელწოდებით Maia, Google-მა კი — Tensor Processing Unit (TPU).
Amazon-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს რომ ფირმები, როგორიცაა Datadog, Formula 1, Pinterest, SAP და Snowflake, იყენებენ კომპანიის Gravitron პროცესორებს მთელი რიგი სამუშაოებისთვის.
Amazon ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება Microsoft-სა და Alphabet-ს ახალი ჩეთბოტით — Amazon Q — რომლის თვიური ღირებულებაც $20-ს შეადგენს. ეს პროდუქტი კონკურენციას უწევს $30-იან AI ასისტენტებს, რომლებიც ახლახან Microsoft-მა და Alphabet-მა შემოიღო.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $147.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს.