ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Zscaler-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ქლაუდზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების პროვაიდერის აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 76%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Zscaler-ის შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის 40%-ით — $496.6 მილიონამდე გაიზარდა (უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი — $473.36 მილიონი). წმინდა მოგებამ, ფისკალური 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, $44 მილიონიდან $106.5 მილიონამდე მოიმატა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.67-ს მიაღწია და ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.49-ს — ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.23-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა (პროგნოზი — -$0.32).
თუმცა აღსანიშნავია, რომ საოპერაციო ხარჯები კვარტალში 24%-ით გაიზარდა და $431.4 მილიონს მიაღწია. Zscaler-ის აღმასრულებელი დირექტორი — ჯეი ჩაუდრი ამბობს, რომ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მენეჯმენტი ბაზარზე გასვლის (GTM — go-to-market) და R&D (კვლევა და განვითარება) ძალისხმევებს აძლიერებს. GTM სტრატეგია არის გეგმა, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლია ორგანიზაციას, კავშირი დაამყაროს მომხმარებლებთან, რათა დაარწმუნოს ისინი, საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შეძენაში.
![](https://investhub.ge/wp-content/uploads/2023/11/Zscaler-Stock.png)
ანგარიშების გამოწერა (მომხმარებლებზე დარიცხული ინვოისების ოდენობა) წლიდან წლამდე 34%-ით გაიზარდა და $456.6 მილიონს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა მოლოდინს. თუმცა ამ შედეგის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტს წლიური ანგარიშების გამოწერის საპროგნოზო დიაპაზონი — $2.52-$2.56 მილიარდი — არ გაუზრდია.
მიუხედავად ამისა, Zscaler-მა სრული ფისკალური 2024 წლისთვის შემოსავლის პროგნოზი $2.05-$2.07 მილიარდიდან $2.09-$2.10 მილიარდამდე, ხოლო EPS-ის მითითება $2.20-$2.25-დან $2.45-$2.48-მდე გაზარდა.
Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $194.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $206.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $229.00-ს, ხოლო მინიმალური — $165.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.