Amazon-ის $36 მილიარდიანი სარეკლამო ბიზნესი მაინც შეიძლება ბევრად უფრო დიდი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ინდუსტრიას ახლა პრობლემები აქვს, მარკეტოლოგები ეფექტურ შესაძლებლობებს ეძებენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სარეკლამო ხარჯები, ონლაინ საცალო ვაჭრობის საშუალებით, მომავალ წელს 25.8%-დან 28.4%-მდე გაიზრდება, ხოლო ბაზარმა, შესაძლოა, მხოლოდ აშშ-ში 2026 წლისთვის $100 მილიარდს მიაღწიოს. Amazon კი ამ მიმართულებით დომინანტური ძალაა.
იმის გამო, რომ სარეკლამო ხარჯები საცალო მოვაჭრეებზე გადადის, ამაზონს შეუძლია თავისი სარეკლამო ბიზნესის შემოსავალი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში გააორმაგოს.
Amazon-თან კონკურენცია რთულია
მიუხედავად თავისი ზომისა, Amazon მაინც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ციფრული სარეკლამო კომპანიაა. გასულ კვარტალთან შედარებით, Amazon-ის სარეკლამო გაყიდვები 25%-ით გაიზარდა. მხოლოდ ორი კომპანია ყიდის მეტ რეკლამას — Alphabet და Meta Platforms. იმავე პერიოდში მათ შემოსავალი, შესაბამისად, 2.5%-ით და -3.7%-ით გაზარდეს.
Walmart-მა, რომლის სარეკლამო ბიზნესიც ამაზონისაზე დაახლოებით 15-ჯერ ნაკლებია, ბოლო კვარტალში, რამდენიმე ძირითადი ცვლილების განხორციელების შემდეგ, ამ მიმართულების 40%-ით ზრდა მოახერხა. თუმცა, გაურკვეველია, შეძლებს თუ არა Walmart გააგრძელოს ამაზონისგან წილის მოპოვება ამ ცვლილებების დასრულების შემდეგ. მხოლოდ რამდენიმე ძალიან მცირე საცალო ვაჭრობის კომპანია იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ამაზონი.
როგორც უმსხვილეს ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს, სახლის საქონლით დაწყებული, სხვადასხვა მოწყობილობებით დასრულებული, Amazon-ს, სხვა კომპანიებთან შედარებით, რომლებიც ბაზრის კონკრეტულ სეგმენტებზეა ორიენტირებული, უზარმაზარი უპირატესობა გააჩნია.
Amazon ძლიერი მესამე მხარის სავაჭრო ქსელიც აძლიერებს. ამ სავაჭრო ობიექტებიდან ბევრი ყიდის საქონელს Amazon-ის საშუალებით ან აშენებს საკუთარ ბრენდს პირდაპირ ამ პლატფორმაზე. შესაბამისად, რეკლამების განმთავსებლებისთვის Amazon მიმზიდველ არჩევანს წარმოადგენს.
დაბოლოს, ამაზონი, Prime Video-სა და Twitch-ის საშუალებით, მომხმარებლებს ვიდეო რეკლამების განთავსების შესაძლებლობითაც უზრუნველყოფს.
შედეგად, Insider Intelligence-ის თანახმად, Amazon-ზე შეერთებულ შტატებში საცალო რეკლამის ხარჯების 76.9% მოდის.
რამდენად დიდი შეიძლება გახდეს Amazon-ის სარეკლამო ბიზნესი?
Forrester Research-ის ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ 2026 წლისთვის აშშ-ის სარეკლამო ბაზარი $85 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო McKinsey-ის ანალიტიკოსები კიდევ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი — $100 მილიარდიანი პერსპექტივით.
მაშინაც კი, თუ Amazon-ის ბაზრის წილი 2026 წლისთვის 70%-მდე შემცირდება, კომპანია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად $60-$70 მილიარდამდე შემოსავალს გამოიმუშავებს. და თუ იმ დროისთვის რეკლამირებიდან Amazon-ის შემოსავლის სამი მეოთხედი კვლავ შეერთებულ შტატებზე მოვა, მთლიანი ბიზნესის ღირებულებამ შეიძლება $80-$90 მილიარდი შეადგინოს. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია Amazon-ის ამჟამინდელი სარეკლამო ბიზნესის ზომაზე და Meta-ს ახლანდელ სარეკლამო ბიზნესის დონეს უახლოვდება.
შეიძლება მოვლენები ზუსტად ამ სცენარით არ განვითარდეს, მაგრამ საცალო მედიის სარეკლამო ხარჯების მოსალოდნელ ზრდაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, ამაზონის სარეკლამო ბიზნესის ზრდისთვის დიდი სივრცე რჩება. Amazon-ის მომხიბლავი მოგების მარჟის პროფილს კი შეუძლია კომპანიას ბევრი ფული მოუტანოს ზრდის გასაძლიერებლად და ინვესტორების დასამშვიდებლად.