გუშინ Alphabet-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც Google-მა ჩაატარა Cloud Next საკვანძო პრეზენტაცია, სავსე განახლებებითა და განცხადებებით, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან (AI) არის დაკავშირებული. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის გაჩაღებულია ინტენსიური კონკურენცია AI პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნის ზრდისთვის.
აღსანიშნავია, რომ გუშინ Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.958 ტრილიონს მიაღწია.
Google-მა მორგებული ჩიპი წარადგინა
Google-მა წარადგინა Google Axion Processor, მორგებული, Arm Holdings-ზე დაფუძნებული ჩიპი, რომელიც შექმნილია მონაცემთა ცენტრებისთვის. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ჩიპი ინდუსტრიაში წამყვან წარმადობასა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
Axion Processor არის Google-ის პირველი მორგებული, Arm-ზე დაფუძნებული ცენტრალური დამუშავების ერთეული (CPU) და ის ხელმისაწვდომი იქნება Google Cloud მომხმარებლებისთვის მიმდინარე წელს, მაგრამ მოგვიანებით. Axion-ს გამოიყენებს Broadcom, CrowdStrike, Snap და ა. შ.
ახალი ჩიპი Google-ს დაეხმარება, უკეთ გაუწიოს კონკურენცია Microsoft-სა და Amazon-ს.
Gemini 1.5 Pro ახლა უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის
Gemini 1.5 Pro, Google-ის უახლესი AI მოდელი, ახლა უკვე ხელმისაწვდომია 180-ზე მეტ ქვეყანაში Gemini აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API) მეშვეობით.
მოდელი გთავაზობთ აუდიო (მეტყველების) აღქმის შესაძლებლობას, ფაილის ახალ API-ს და დეველოპერის დამატებით ინსტრუმენტებს. კომპანიის განცხადება ასევე მოიცავდა გაუმჯობესებებს Gemini API-სთვის, რათა ის უფრო ეფექტიანი გახდეს დეველოპერებისთვის.
ახალი ფუნქციები Google Workspaces-ში
Google-ის მენეჯმენტმა ასევე დააანონსა ცვლილებების მთელი რიგი და ახალი ფუნქციები, რომლებიც Google Workspaces-ს დაემატება. მათგან რამდენიმე აღჭურვილია AI-ით.
განახლებები მოიცავს Google Vids-ს, ახალ Workspace აპლიკაციას და ახალ ორგანიზაციულ ფუნქციებს Docs-ისა და Sheets-ისთვის. ამასთან, Google-მა Workspaces-ს Gemini დაამატა და Gmail-მა ახალი ფუნქციები შეიძინა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით არის მხარდაჭერილი.
Alphabet-მა გამოუშვა ახალი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დანამატები, მათ შორის AI Security მონაცემთა უსაფრთხოებისთვის Google Drive-ში, AI Meetings-სა და Messaging-ში. დანამატები ხელმისაწვდომია Workspace-ის ზოგიერთი სერვისისთვის ყოველთვიურად $10-ად თითო მომხმარებლისთვის.
Nvidia Blackwell Google Cloud-ში 2025 წელს გახდება ხელმისაწვდომი
Google Nvidia-სთან პარტნიორობას აფართოებს და Blackwell, Nvidia-ს უახლესი და ყველაზე ეფექტიანი AI სისტემა, Alphabet-ის ქლაუდ მომხმარებლებისთვის 2025 წლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
Nvidia-ში აცხადებენ, რომ Blackwell GPU არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჩიპი, რომელსაც დაეყრდნობა კომპიუტერული გამოთვლების ახალი ეპოქა.
ახალი სისტემა უფრო ქმედუნარიანი და ეფექტიანია, ვიდრე მისი წინამორბედი — Hopper.
„რეალურად, Blackwell-ის მიერ ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება Hopper-ის შესაძლებლობებს“ — თქვა ჯენსენ ჰუანგმა, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
Nvidia-ს მენეჯმენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ, Hopper-თან შედარებით, Blackwell-ის არქიტექტურას შეუძლია, გენერაციული AI-ის დიდი ენობრივი მოდელი (LLM) დაახლოებით 25-ჯერ ნაკლები ხარჯითა და ენერგიით ამუშაოს.
AI ჰიპერკომპიუტერის განახლებები
Alphabet-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ გაავრცელა გაუმჯობესებები კომპანიის AI ჰიპერკომპიუტერის არქიტექტურის ყველა ფენაში.
AI ჰიპერკომპიუტერი პირველად 2023 წლის დასაწყისში დაინერგა. მის არქიტექტურას, ტრადიციული კომპიუტერებისგან განსხვავებით, შეუძლია AI სამუშაო დატვირთვას გაუმკლავდეს.
Google Cloud-მა დააანონსა კომპიუტერული აპარატურის მუშაობის ოპტიმიზებული განახლებები, მეხსიერების გაუმჯობესებული შესაძლებლობები, პროგრამული უზრუნველყოფის პროგრესირება და მოხმარების მოქნილი ვარიანტები.
Vertex AI Agent Builder
Alphabet-ის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა ახალ Vertex AI ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია Google Cloud-ის მომხმარებელი საწარმოებისთვის.
კომპანიაში განაცხადეს, რომ Vertex AI Agent Builder-ს შეუძლია დაეხმაროს დეველოპერებს შექმნან და განათავსონ გენერაციული AI აგენტები1 Google-ის უახლესი Gemini მოდელების გამოყენებით.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $157.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $165.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $141.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ინტელექტუალური AI აგენტები არის ავტონომიური ერთეულები, რომლებიც გარემოზე სენსორებისა და აქტივატორების გამოყენებით მოქმედებს.