გუშინ Super Micro Computer-მა (SMCI) ძლიერი დარტყმა მიიღო — სერვერების სპეციალისტის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ მომენტში ეს მაჩვენებელი 18.6%-ით დაეცა — არასტაბილურობის მაღალი დონის გამო კომპანიის აქციებით ვაჭრობა დროებით შეჩერდა.
Wall Street Journal-მა გუშინ დილით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Supermicro-სთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ეს სიახლე გავრცელდა მას შემდეგ, რაც საინვესტიციო კვლევითმა ფირმა Hindenburg Research-მა წარადგინა მოხსენება, რომლის თანახმადაც, Supermicro-ს ბიზნესში ცუდი ბუღალტრული პრაქტიკა და სტრუქტურული სისუსტეები ფიქსირდება.
ნეგატიური ფაქტორები
Wall Street Journal-ის მოხსენების თანახმად, ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ადვოკატი აშშ-ის პროკურატურიდან, Supermicro-ს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, დაუკავშირდა ადამიანებს, რომლებსაც ამ კომპანიასთან აქვთ შეხება. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ, როგორც ჩანს, გამოძიება დაკავშირებულია ყოფილი თანამშრომლის მიერ სააღრიცხვო დარღვევის ბრალდებებთან.
რაც შეეხება Hindenburg Research-ის მოხსენებას, ის აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდა და კვლევითმა ფირმამ აღმოაჩინა Supermicro-ს მიერ ბუღალტრული მანიპულირების ახალი მტკიცებულებები. საგულისხმოა, რომ ადრე კომპანიამ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) გადაიხადა $17.5 მილიონის ოდენობის ჯარიმა ბრალდებისთვის, რომ მან შემოსავალი ნაადრევად აღრიცხა. გარდა ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემებისა, Hindenburg Research-ის თანახმად, Supermicro-ს ძირითად ბიზნესს ახასიათებს მნიშვნელოვანი სისუსტეები და კომპანიას არ გააჩნია მკაფიო კონკურენტული დიფერენციაცია.
გადაჭარბებულია თუ არა ნეგატიური განწყობა Supermicro-ს მიმართ?
მართალია, გუშინ გავრცელებული მოხსენების თანახმად, სავარაუდოდ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Supermicro-სთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, Hindenburg Research-ის შენიშვნები მიკერძოებული იყოს. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი — როგორც მოკლე პოზიციების1 დაკავებაზე ფოკუსირებული ფირმა, Hindenburg იღებს მოგებას, როდესაც მის მიერ „მიზანში ამოღებული„ კომპანიის აქციების ფასი მცირდება.
ჯერჯერობით არც ის არ არის დადასტურებული, რომ DOJ Supermicro-სთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა, ამ ინფორმაციის დადასტურება შოკისმომგვრელი ნამდვილად არ იქნება. ამასთან აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ — იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კომპანიამ რაიმე არასწორი ქმედება ჩაიდინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის ირგვლივ გაურკვევლობის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძირითადი დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Supermicro-ს აქციებს?
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $420.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $613.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,300.00-ს, ხოლო მინიმალური — $325.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.